ქეთა თოფურია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი წარწერით „არა ომს“, საჯაროდ არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია და არც უკრაინელი ხალხისთვის გამოუცხადებია მხარდაჭერა, როგორც ეს სხვა ცნობილმა სახეებმა გააკეთეს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ქეთა თოფურიას კრემლში 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა ემღერა, თუმცა კონცერტზე გამოსვლა პირადი პრობლემების გამო ვერ შეძლო.
ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში "ინსტაგრამი" ოფიციალურად შეიზღუდა. ცნობილი სახეებისთვის მისი ალტერნატივა რუსული სოციალური ქსელები და ტელეგრამი აღმოჩნდა. სწორედ ტელეგრამით გაავრცელა ქეთა თოფურიამ განცხადება:
„რატომ არის, რომ ზოგიერთი მისთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან ითხოვს, ისე ფიქრობდნენ, როგორც თავად.
და თუ ეს ასე არ ხდება, მაშინვე აგრესია ჩნდება. უფრო მეტიც, იგივე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს აკრიტიკებენ, სიტყვის თავისუფლების მომხრეები არიან და ეს საკმაოდ უცნაურია.
მე თქვენ ყველას ბედნიერებას გისურვებთ. იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არავის შველის”, - თქვა ქეთა თოფურიამ.