ჩვენი ინფორმაციით, წყვილს 2 შვილი ჰყავდა. კვარაცხელია ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას ბიუროში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.
AMBEBI.GE მერაბ ქვარაიას ესაუბრა:
"სოფო 2017 წლის დასაწყისში, 3-4 თვის განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან... ბავშვის ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვეში მოუწია თბილისში გადასვლა. ძალიან მოწესრიგებული და საქმიანი ადამიანი იყო.
იმ ხანმოკლე თანამშრომლობის შემდეგ მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. შვილის გამო გაუჭირდა მუშაობა. გვითხრა, ამიტომ იძულებული ვარ, დავტოვო სამსახური და თბილისში გადავიდეო. მეუღლეზე არაფერი ვიცი, არც ის, ჰქონდა თუ არა ოჯახში პრობლემები. ჩვენთვისაც შოკია ეს ამბავი, ძალიან დამძიმებული მაქვს გული..." - გვეუბნება ქვარაია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.