რამდენიმე დღის წინ ბორჯომში "ბოლო ზარზე" მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება:
"ეს ჩემი გარდაცვლილი მეგობარი ხათუნაა. 12 წლის იყო მაშინ მისი შვილი აკაკი. დღეს მთელი საქართველო შეძრა ბორჯომში მომხდარმა ტრაგედიამ, ბოლო ზარზე წასული ახალგაზრდები მანქანით მტკვარში გადავარდნენ. დაიღუპა ულამაზესი და უკარგესი ბავშვი, ლუკა. საჭესთან მისი ბავშვობის მეგობარი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ხათუნას შვილი იჯდა. იმ დროს, როცა მე და აკაკის დეიდა ნინო ბოდბეში, წმინდა ნინოს საფლავთან ვლოცულობდით, მისი დისშვილი მტკვარში სიცოცხლეს ებრძოდა. სიღნაღში დაგვირეკეს, დაგვიმალეს ამბავი, ყველა ტელეფონს გვითიშავდა. საგარეჯომდე, ცოცხალი იყო თუ არა, ისიც არ ვიცოდით. წარმოიდგინეთ, რა გავიარეთ... როგორ ჩავედით ბორჯომში, არ მახსოვს. აკაკი ცოცხალი დაგვხვდა, პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი დაკითხვაზე და ვაი იმ სიცოცხლეს, შვილო... ბავშვი ახლაც შოკშია, ჰყვება, რომ წყალში არცერთი კარი არ გაიხსნა. არ ვიცი, უცებ რა ძალამ გააღო კარი, მსუბუქად და გადმოვედი.... არადა, კარი ახლაც ჩაკეტილია. იმ წუთებში ბოდბის მონასტრის ძალამ და ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სულმა, რომელიც ეს ორი დღე სულ ჩვენთან იყო, შვილს უპატრონა. ცოცხალ ადამიანს ეშველება, მაგრამ რა ეშველება ამიერიდან ლუკას და მის ოჯახს, როგორ უნდა იცხოვროს დღეიდან აკაკიმ ამ მძიმე ტვირთით. ერთი კედელი ჰყოფთ ბორჯომში მათ სახლებს. საშინელი ტრაგედია ტრიალებს, საშინელი... ბოლო ზარზე ბავშვების მანქანებით სიარული უნდა აიკრძალოს. რამდენი ოჯახი გაუბედურდა უკვე" - წერს ნინო ჯღარკავა.