მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე StudentsVision 2022 პირველი ადგილი დაიკავა.
კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენელმა 74 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა 64 ქულით, მესამეზე უკრაინა გავიდა 61 ქულით, ბოლო ადგილი კი – 5 ქულით რუსეთს ერგო.
მარიამ კახელიშვილი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ნიჭიერიდან" გაიცნო, სადაც მან ფინალში გასვლა და მე-3 ადგილის დაკავება მოახერხა. სიმღერა მარიამ კახელიშვილმა 3 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას. 2008 წელს ის საბავშვო "ევროვიზიის" ეროვნულ კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.