სიახლე

„ამავე პერიოდში ჯანმრთელობაც შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ” - ნიკოლოზ რაჭველი ნატო მეტონიძეზე საუბრობს

„ამავე პერიოდში ჯანმრთელობაც შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ” - ნიკოლოზ რაჭველი ნატო მეტონიძეზე საუბრობს
ნატო მეტონიძე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მუსიკოსია. საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“, სპექტაკლიდან „ხანუმა“.

„ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად. კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება. კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ - ასე ახასიათებს მას მეგობარი და ასევე ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც ნატო მეტონიძეს დაბადების დღე
ემოციური ტექსტით მიულოცა:

"ჩვენს დროში რაღამ უნდა გაგვაკვირვოს, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო მეტონიძე თავისი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებების გამო გარკვეული წლები თითქმის დისიდენტი იყო. მას არ იწვევდნენ მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო ღონისძიებებში. მეტიც, რესტორნები და კლუბები საახალწლო კორპორაციულ ღონისძიებებზე, რაც ჩვენში მომღერლების ერთადერთი შემოსავლის წყაროა, მისი გამოსვლებისგან თავს იკავებდნენ, ხოლო სატელევიზიო არხები გალა-კონცერტების ჩვენებისას მის ეპიზოდებს ჭრიდნენ, თითქოს ის იქ არც კი მონაწილეობდა და ისე უშვებდნენ ეთერში. ამავე პერიოდში ჯანმრთელობაც შეერყა და ყველამ ერთად გადასატანი გადავიტანეთ. “ეპოქა” რომ შეიცვალა (თუმცა ხშირად ორივეს გვგონია, რომ რიგ საკითხებში ერთ წრეზე ვტრიალებთ), ბედნიერები შევუდექით სცენაზე მისი ტრიუმფალური დაბრუნების მზადებას და აქაც დაბრკოლებების კასკადი დაგვხვდა წინ. დაპირებულმა დამფინანსებლებმა ბოლო მომენტში უარით გამოგვისტუმრეს, რადგან წინასწარ გავრცელდა ხმა, რომ მის კონცერტში, მუსიკის გარდა, იქნებოდა სიტყვა, თეატრალური ხერხებით ითქმებოდა სიმართლე იმ მოვლენების ირგვლივ, რაც იმ თუ ამ დროში ჩვენი საზოგადოების შეგნებული ნაწილის გულისტკივილს და ნიჰილიზმს განაპირობებდა. და მაინც, 2015 წლის ივნისში დოისთან და მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად მოვახერხეთ, ჩვენი სათქმელი სცენიდან გვეთქვა. შედგა ნატო მეტონიძის მუსიკალური სპექტაკლის “ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე” ორდღიანი წარმატებული პრემიერა ფილარმონიის სცენაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობების და სპეციალურად მოწვეული თეა დარჩიას მონაწილეობით. ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ორი დღე. სცენაზე იდგა, მღეროდა და თამაშობდა ჩემი გულის და სულის მომღერალი, ყველასაგან გამორჩეული!!! ნატო ძალიან მორიდებულია, ზომაზე მეტად. კიდევ უფრო უტრირებულია მასში თვითკრიტიკის და საკუთარი თავით უკმაყოფილების თვისება. კი, პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა… მისი საოცარი თვისებებით აღფრთოვანებას მეგობრობის მე-18 წელსაც არ აქვს დასასრული. ჰოდა, მეორე საპრემიერო დღის ბოლოს, ვიდრე დეკორაცია ალაგდებოდა, უკვე მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა. ღამის თორმეტ საათზე ტორტს ვუმზადებდით სიურპრიზად. სცენაზე მხოლოდ მსახიობები და სადადგმო ჯგუფის წევრები ვბორიალობდით. უცებ დათო გერსამიამ გადამოწმების მიზნით რამდენიმე საათის წინ ჩაწერილი კონცერტიდან ჩვენი დუეტის ჩანაწერი ჩართო, ჩვენ კი უცებ, არ ვიცი, რამ დაგვარტყა თავში, ავმსუბუქდით და ამხელა სპექტაკლის შესრულებით ნაღელვებ-ნანერვიულებმა თავს უფლება მივეცით, გვეცუღლუტა. მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ამიტომ. მე ჩემს ცხოვრებაში არ მიცეკვია არც მანამდე და არც მერე. დათომ კი თურმე კამერები ჩაწერაზე გაუშვა და საბოლოოდ ჩვენი “მაიმუნობა” ტელევერსიის ფინალში ტიტრების დროს მოხვდა. დღეს ჩემი უნიკალური მეგობრის, ნატო მეტონიძის დაბადების დღეა!” - წერს ის.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
მოქალაქე
უაღრესად ნიჭიერი, დახვეწილი ადამიანი, ჯანმრთელობა და სიკეთე არ მოჰლებოდეს..
12:06 / 05-07-2022
გამოხმაურება / 0 /
ამო
გენაცვალეთ რაჭველებო.
19:57 / 04-07-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93