ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში ნეგატიურ განწყობებსა და ზიზღის შემცველ კომენტარებზე ისაუბრა:
„ხალხი არის ძალიან გაბოროტებული. რაც ეკრანზე ვჩანვარ, მუდმივად არის ეს. სანამ პატარა ვიყავი, მაშინ იყო – "რას ჰგავხარ". ახლა გავხდი სხვანაირი და ახლაც "რას ჰგავხარ". მე ჩემი ძველი ცხვირით მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მერე კომპლექსი მქონდა, ყველა ფოტოში ცხვირს ვიწევდი, არ მომწონდა. კარგი ვარ თუ ცუდი ვარ, მე ასე მომწონს ჩემი თავი. ყველას ვუსურვებ, მიაღწიონ იმ კომფორტს საკუთარ თავთან, რასაც მე ახლა მივაღწიე.
მე ძალიან კარგი რაღაც ვისწავლე: როცა ცუდ კომენტარს მიწერენ, აუცილებლად გადავდივარ და იმ ადამიანს ვნახულობ. არ მახსოვს არც ერთი ადამიანი, შევსულიყავი და იქ დამხვედროდა ნორმალური ჰაბიტუსი. ამიტომ მე მესმის ამ ადამიანების. რთულია, უყურო ადამიანს ეკრანზე, იგებდე, რომ ის კარგად არის და ამ დროს შენ ცუდად იყო. რა თქმა უნდა, გიჩნდება სურვილი, რაღაც ცუდი დაუწერო. მე მათ ვერაფერს ვეტყვი, ის ასეთ გარემოშია გაზრდილი, ალბათ, ასეთ შვილებსაც ზრდის. მე აქედან დავჯდე და ვასწავლო, სად როგორ უნდა მოიქცეს?!.
მე ვიყავი მომხრე, დაწესებულიყო ჯარიმა. ერთი ადამიანი მითხარი, რომელიც საზოგადოებას მოსწონს. არ არსებობს ასეთი ადამიანი. ყველას ლანძღავენ, ყველა ცუდია, უშნო. მე მომწონს ეს იდეა და თუ აიტაცებთ, კარგი იქნება”, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.
სალომე გოგიაშვილმა შვილის მასწავლებლის სკოლიდან გაშვების ფაქტზეც ისაუბრა.
„ჩემს შვილზე სკოლაში ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. 14 წლის არის, გარდატეხის პერიოდი აქვს, იმკვიდრებს თავს, ხმა დაუბოხდა. ყველა ისე ვიქცევით, რომ ზედმეტებში არც თვითონ გადავიდეს და არც ჩვენ. მასწავლებელმა შეურაცხყოფა მიაყენა. მე ცუდი დედა არ ვარ ნამდვილად, მგონია, რომ ყველაფერში ჩართული ვარ, მაგრამ ეს გამომეპარა. იმიტომ, რომ ბიჭია და ტირილს არ დაიწყებდა, ასეთი ხასიათი აქვს, არ ტირის. მოვიდა, ჩაიკეტა ოთახში. როგორც გაირკვა, მასწავლებელი იყო დამნაშავე, მაგრამ არაფრით არ მითხრა თვითონ. სკოლას მინდა მადლობა გადავუხადო, სადაც დამყავს, იმდენად გულთან ახლოს მიიტანეს, მთელმა სკოლამ განიცადა, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დაფასება და ჩემი შვილის სიყვარული. მასწავლებელმა უთხრა ის, რაც არ უნდა ეთქვა, შეურაცხყოფილი იყო მთელი კლასის თანდასწრებით. არ მინდა ამ ფაქტის გაჟღერება, არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავახსენო და ვანერვიულო. მასწავლებელი დათხოვნილია სამსახურიდან. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია გაქვს, რომ პედაგოგი ხარ, ბავშვს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. არანაირი თანხა არ მიღირს, რომ ჩემმა შვილმა ინერვიულოს. მთხოვდა, არ გაუშვათ სკოლიდანო, პირველად იტირა, ეგ არ გამიკეთო, იმ სკოლაში უნდა მივიდე და არ მინდა, ჩემ გამო წავიდეს ის ქალი სკოლიდან, მე გადავალ სკოლიდანო. შევთანხმდით, რომ გადავიდოდა სხვა სკოლაში, უბრალოდ კლასელები ჰყავს არაჩვეულებრივი, მთელი კლასი მოვიდა და უთხრეს, შენ თუ გადახვალ, ჩვენც გადმოვალთო და გადავწყვიტეთ, დავრჩენილიყავით ამ სკოლაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ამის ამოქექვა არ მინდა” - აღნიშნა მან.