დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი დღეს 41 წლის გახდა. მოდით, გავიხსენოთ მნიშვნელოვანი მომენტები უელსის პრინცესას ცხოვრებიდან.
კეტრინ ელიზაბეტ მიდლტონი 1982 წლის 9 იანვარს, პატარა ქალაქ რედინგში დაიბადა. მისი მამა მაიკლი British Airways-ის პილოტი იყო, ხოლო დედა, კეროლი - ბორტგამცილებელი.
როცა ქეითი 2 წლის იყო, მამის სამუშაოს გამო ოჯახი საცხოვრებლად იორდანიაში გადავიდა. 1987 წელს მიდლტონებმა Party Pieces, საფოსტო შეკვეთების ბიზნესი დააფუძნეს, რამაც მოგვიანებით მილიონობით დოლარის მოგება მოუტანა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქეითმა სწავლა კერძო კოლეჯში განაგრძო. დიპლომის მიღების შემდეგ იგი იტალიასა და ჩილეში მოგზაურობდა, 2001 წელს კი სენტ ენდრიუსის ელიტარულ უნივერსიტეტში "ხელოვნების ისტორიის" ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო პრინცი უილიამი.
მომდევნო წლებში ქეითი ხშირად ესწრება სამეფო ოჯახთან ერთად სხვადასხვა ოფიციალურ ცერემონიასა და ღონისძიებას. მედია პერიოდულად აქვეყნებდა ახალ ამბებს ქეითისა და უილიამის დაშორების შესახებ, მაგრამ წყვილი ერთად რჩებოდა.
2010 წლის შემოდგომაზე შეყვარებულების ნიშნობა გამოცხადდა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიდლტონი პრინც უილიამის კანონიერი ცოლი გახდა. ქორწილის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ახალდაქორწინებულებს კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიანიჭა.