2023 წელი სულ ახლახან დაიწყო და უკვე არაერთმა ლეგენდარულმა ადამიანმა დაგვტოვა. 16 იანვარს, შუადღისას, ცნობილი გახდა, რომ იტალიური კინოს ვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, მშობლიურ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ჯინა არასდროს თვლიდა თავს სუპერვარსკვლავად და ყოველთვის ამბობდა, რომ არა კინო, თავის ცხოვრებას ფერწერას და მოქანდაკეობას დაუკავშირებდა.
ჯინა ლოლობრიჯიდა 1927 წლის 4 ივლისს მრავალშვილიან იტალიურ ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობა პატარა ქალაქში გაატარა, მოგვიანებით კი, მეორე მსოფლიო ომისგან თავის დაღწევის მიზნით, ოჯახი საცხოვრებლად რომის გარეუბანში გადავიდა.
ბავშვობიდან ოცნებობდა, მხატვარი ან მოქანდაკე გამხდარიყო და მისი ნამუშევრები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში ენახა, ამიტომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ლოლობრიჯიდამ ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა და შემოსავალს ქუჩაში გამვლელების პორტრეტების დახატვით შოულობდა. სწორედ აქ შენიშნა შავგვრემანი, ლამაზი გოგონა ერთ-ერთმა რეჟისორმა და ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
მაგრამ კარიერაში პირველი წარმატება ჯინას არა ფილმმა, არამედ სილამაზის კონკურსმა მოუტანა. „მის იტალიის“ კონკურსში ლოლობრიჯიდამ მესამე ადგილი დაიკავა და მაშინვე უამრავი გულშემატკივარი შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი რეჟისორი კრისტიან-ჟაკი იყო, რომელიც იმ მომენტში ფილმისთვის "Fanfan Tulip" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. სწორედ ამ სათავგადასავლო კომედიამ გაუხსნა გზა ლოლობრიჯიდას სამსახიობო კარიერას. თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ კი იტალიელ მსახიობს 2018 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
იტალიური კინოს ლეგენდა ჯინა ლოლობრიჯიდა 2023 წლის 16 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.