რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თავის ბლოგზე კომენტარი გაუკეთა რეჟისორ რობერტ სტურუას გათავისუფლებას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თინამ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა თავის ცნობილ ინტერნეტბლოგზე, სადაც თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას უკეთებს კომენტარს.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ აგვისტოს ამბებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და თავის მოსაზრებებს დაურთო "ერთ დროს გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის" წერილი, რომელიც, როგორც თინა ამბობს, თბილისში თინას მოღვაწეობის პერიოდში მისი აქტიური თაყვანისმცემელი იყო და მათ დიდი გრძნობაც აკავშირებდათ, თუმცაღა თინამ კვლავ არ გაამხილა მისი ვინაობა.
ამჯერად თინა რობერტ სტურუას გამოექომაგა.
- ჩვენ, ქართველები, მიჩვეულები ვართ ის რობიკოდ მოვიხსენიოთ. ჩემი თანატოლების ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან არსებობდა რობიკო ისევე, როგორც გია ყანჩელის მუსიკა, კოტე მახარაძის რეპორტაჟები, ნანი ბრეგვაძის სიმღერები და ვახტანგ კიკაბიძის როლები, - წერს თინა,
- გათავისუფლების ოფიციალური მიზეზია მისი გამონათქვამები: "რატომ გვმართავს სომეხი, ნუთუ ქართველის პოვნა ვერ შეძლეს?"სასაცილოა, როგორც კარგ ქართულ ფილმებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მართლა არ გვემხიარულება.
ისე გამოდის, რომ დიდ ქართველ რეჟისორს პრეზიდენტში მხოლოდ მისი ეროვნება არ მოეწონა. ყველა დანარჩენი, როგორც ჩანს, უმწიკვლოა, მიხეილ სააკაშვილს სხვა ნაკლოვანებები არ ჰქონია.
რუსებს რომ კიდევ ერთხელ არ შეექმნათ საქართველოზე არასწორი წარმოდგენა, რამდენიმე განმარტებას გავაკეთებ: რობიკო პირველი იყო, ვინც ქვეყანაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სხვები დუმდნენ. ერთხელ ჰკითხეს, რა მოსწონს და რა არ მოსწონს საქართველოში. მან უპასუხა, რომ არ მოსწონს მის ქვეყანაში საყოველთაო შიშის დროების დადგომა, რაც კიდევ უფრო მწვავდებოდა. სწორედ ეს იქცა პირველ კენჭად.
ამას მოჰყვა უფრო დიდი ქვები: სკანდალი "იმედში", ცრემლსადენი გაზი რუსთაველის გამზირზე და შიდა მტრების გამუდმებული ძიება, პოვნა და დასჯა. მიხეილ სააკაშვილი ხომ უკვე არაერთი წელია აწრთობს ქართველების ამტანიანობას...
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)