როცა პაემანს უცხო ადამიანი გინიშნავს, ნამდვილად არ უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ იდეალურ პიროვნებას შეხვდები, თორემ შესაძლოა, იმედი ისე გაგიცრუვდეს, რომ პაემანზე ცხოვრებაში აღარ წახვიდე
მსგავსი რამ ჩემს ახლობელსაც შეემთხვა - ზუკას ეგონა, მწვანეთვალება, სრულყოფილი
აღნაგობის მქონე გოგონას უნდა შეხვედროდა, მაგრამ მის ნაცვლად შავგვრემან, დაბალ, ”ქონიან” გოგოს გამოჰკრა ხელი.
ჰოდა, მას მერე უცნობებს არა მარტო შეხვედრაზე ეუბნება უარს, არამედ მათთან ლაპარაკსაც კი გაურბის. ლამაზი ზღაპრით ”დაბოლებული”
ზუკა, 19 წლის:
- შინ ვიჯექი და ფეხბურთს ვუყურებდი, როცა სახლის ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე. ვიღაც გოგომ საოცარი ხმით მკითხა: თქვენ ზუკა ბრძანდებითო? - დიახ-მეთქი, - ვუპასუხე. - მე ქეთი ვარო, - გამეცნო.
მერე ხან რაზე ვილაპარაკეთ, ხან - რაზე და როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, მკითხა: ხომ შეიძლება, კიდევ რომ დაგირეკოო? - რატომაც არა-მეთქი, - ვუპასუხე, თან იქვე დავძინე: იქნებ შენი ნომერი მომცე და თავადვე შეგეხმიანები-მეთქი. ცივი უარი მითხრა. ვიფიქრე, - ეშინია, ხშირად რომ არ შევაწუხო-მეთქი და შევეშვი.
მას მერე თითქმის ყოველდღე მირეკავდა და დაახლოებით, 4 თვის შემდეგ მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი. მართალია, მხოლოდ ტელეფონით ვიცნობდი, ის არც მობილურის ნომერს მიმხელდა და არც ინტერნეტით მეკონტაქტებოდა - ამის საშუალება არ მაქვსო, მაგრამ მისი ხმა რაღაცნაირად შემიყვარდა და ერთი დღეც რომ არ შემხმიანებოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი, მთელი დღე ვცმუკავდი და მისი ზარის მოლოდინში შინიდანაც არ გავდიოდი.
- თუ ხვდებოდი, რომ მის მიმართ რაღაცას გრძნობდი, პაემანს რატომ არ უნიშნავდი? დავიჯერო, მისი ”ლაივში” ნახვის სურვილი არ გქონდა?
- როგორ არ მქონდა და თითქმის ყოველდღე ვეხვეწებოდი, - შემხვდი-მეთქი, მაგრამ თავს იკავებდა. მერე ვუთხარი: მაშინ ამიღწერე, გარეგნულად როგორი ხარ-მეთქი. მიპასუხა: მწვანე თვალები მაქვს, სიმაღლეში 169 სმ ვარ, წონით კი 56 კგ გახლავარ ანუ კარგ ”ვიდზე” ვარ, ჩემი დანახვისას ნამდვილად არ დაფრთხებიო. მერე სახის ნაკვთებიც ამიღწერა და როცა მისი სახე, სხეული წარმოვიდგინე, ნერწყვი მომადგა.
ჰოდა, როგორ შეიძლებოდა, ასეთი გოგოს ნახვის, მასთან შეხვედრის სურვილი არ გამჩენოდა? - ეჭვიც არ გაგჩენია, რომ მას შეიძლებოდა, საკუთარი სილამაზის შესახებ შენთვის ზღაპრები მოეყოლა?
- ამაზე არ მიფიქრია და სიმართლე გითხრა, თავიდან იმისიც შემეშინდა, - მე რომ არ მოვეწონო, მერე რაღა ვქნა-მეთქი? მასაც ვკითხე: ბიჭებს რის მიხედვით აფასებ-მეთქი? გაიცინა: ნუ გეშინია, მე გიცნობ და მერწმუნე, შენი გარეგნობა აბსოლუტურად მაკმაყოფილებს, ხოლო რაც შეეხება სხვა რაღაცებს, ლამის ნახევარი წელია, ვლაპარაკობთ და როგორც ადამიანი, გაგიცანიო.
ასე მგონია, კარგი პიროვნება ხარო. მივხვდი, შეხვედრის დრო მოვიდა და პაემანი ისევ დავუნიშნე. უარი აღარ უთქვამს. უნდა გენახათ, მასთან შესახვედრად როგორ ვემზადებოდი. მშობლებს ვთხოვე, ახალი ”შმოტკებისთვის” ფული მოეცათ; სასწრაფოდ ვარცხნილობაც კი შევიცვალე, ძვირად ღირებული სუნამო შევიძინე და უხვად ვიპკურე; სარკის წინ დაახლოებით, 3 საათი მართლაც ციბრუტივით ვიტრიალე და ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად კარგად გამოვიყურებოდი, მასთან შესახვედრად წავედი.
გული ისე მიცემდა, მეგონა, მალე საგულედან ამოვარდებოდა... ჰო, საჩუქარი მისთვისაც ვიყიდე: ძალიან დიდი ვარდების თაიგული და ისეთივე ტკბილი სუნამო შევარჩიე, როგორი ტკბილიც ქეთი მეგონა.
- პაემანზე რომ მიდიოდი, ამის შესახებ ვინმემ იცოდა?
- ჰო, კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ მთელი დღე ძმაკაციც თან მახლდა და ჩემს გამოპრანჭვაში ისიც აქტიურად მონაწილეობდა, ”მბალელშჩიკობდა”. ფულიც კი მომცა: რა იცი, რაში დაგჭირდებაო. მერე მთხოვა: მეც მაინტერესებს, როგორი გოგოა. ჰოდა, შორიდან გითვალთვალებ.
ჩემს შეყვარებულთან ერთად, იმ ბარში შემოვალ, სადაც თქვენ ისხდებით, მაგრამ ხელს არ შეგიშლი, არც კი დაგენახვებიო. - კარგი-მეთქი.მოკლედ, ქეთის რუსთაველზე, პანტომიმის თეატრის წინ უნდა შევხვედროდი. დათქმულ დროს არ გამოჩნდა და ვიფიქრე: სპეციალურად აგვიანებს, გოგონებმა ხომ თავის დაფასება იციან-მეთქი.
ნახევარი საათი რომ დაიგვიანა, უკვე მოთმინების ფიალა ამევსო, მოპირდაპირე მხარეს მდგარი ჩემი ძმაკაცი და მისი ”ლოვე” კი მანიშნებდნენ: წამოდი, ხომ ხედავ, არ მოდის, მოგატყუაო. მე მაინც მქონდა იმედი, რომ ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა და ადგილიდან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებდი, მაგრამ როცა კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა და აღარ გამოჩნდა, ხელი ჩავიქნიე.
უცებ, უკნიდან ვიღაცამ ზურგზე ”მომიკაკუნა”. მივბრუნდი და...
- რა გნებავთ? - ვკითხე ტანმორჩილ, ”ქონიან”, შავგვრემან გოგონას, რომელიც უცნაურად მიღიმოდა:
- არ მელოდი? - მკითხა და თან, საკოცნელად გამოიწია. - მე თქვენ ნამდვილად არ გელოდებოდით, რაღაც გეშლებათ,
- ამოვიკნავლე, მაგრამ მან ე.წ. პადრუჩკი გამომდო და თვალების პლარწვით მითხრა: საყვარელო, მე ქეთი ვარ. ბოდიში, ამდენ ხანს რომ გალოდინეო.
- ანუ მწვანე თვალები და მაგარი აღნაგობა ქეთის მოგონილი ზღაპარი აღმოჩნდა?
- ჰო, და ამან ისე დამაბნია, სიტყვაც ვერ დავძარი. თავად მკითხა: სად აპირებ ჩემს დაპატიჟებას? აქ როდემდე უნდა ვიდგეთო? მერე ყვავილებიც ჩამომართვა და საჩუქარიც ისე ამწაპნა, ვერ მივხვდი, ჩემგან რა უნდოდა. მერე გონს მოვეგე, შემრცხვა საკუთარი საქციელის - აბა, გოგოს ხომ არ ვაგრძნობინებდი, რომ არ მომეწონა და ერთ-ერთ ბარში დავპატიჟე.
თუ დამიჯერებ, იქ დაახლოებით, საათი დავყავით და თავი მაღლა არ ამიწევია, მისთვის თვალებში არ შემიხედავს, ის კი გაქაფული, რაღაცაზე ლაპარაკობდა. კი მკითხა, - დღეს ასეთი უხასიათო რატომ ხარო? მაგრამ ვიცრუე: ძმაკაცი მყავს ძალიან ცუდად, ავარიაში მოყვა, რეანიმაციაში წევს და არაფრის ხალისი არ მაქვს-მეთქი.
- ამ დროს შენი ძმაკაცი და მისი ”ლოვე” სად იყვნენ?
- იქვე, ბარში ისხდნენ და ჩემზე კაიფობდნენ. ამაზე კიდევ უფრო მაგრად მეშლებოდა ნერვები. მეგობარი მესიჯებსაც მწერდა: ”რა იყო, ქალს თვალებში რომ არ უყურებ, სირცხვილია”, ”ნახე, როგორი მწვანე თვალები აქვს და ეტყობა, იმიტომ არ უყურებ, რომ გეშინია, არ დაგიპყროს”.
ის-ის იყო, ქეთისთან დამშვიდობებას ვაპირებდი, რომ გიო და მისი ”ლოვე” მოგვადგნენ, ქეთის საკუთარი თავი წარუდგინეს, მე კი ისე გადამეხვივნენ, თითქოს დიდი ხნის უნახავი ვყავდი. მერე გიომ ვითომ ჩურჩულით, მაგრამ ისე მითხრა, რომ ქეთისაც გაეგონა: შენ ხომ მწვანეთვალება შეყვარებული გყავს? დავიჯერო, იმას ატყუებ და ამას ხვდები? იქნებ ჩვენ, მეგობრები ”დაგვაბოლეო”?
ქეთი წამოწითლდა, მაშინვე წამოხტა და უკან არც მოუხედავს, ისე გავიდა ბარიდან. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა გამახარა კიდეც. მისი წასვლის შემდეგ თითქოს, გულიდან მძიმე ლოდი მომეხსნა, მხოლოდ დახარჯულ ფულს მივტიროდი და ვამბობდი: ეს რა მიყო, იმ ფულით ჯობდა, ხინკალი მეჭამა-მეთქი.
- მას შემდეგ ქეთი აღარ გინახავს?
- არა, არ მინახავს. პაემნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ დამირეკა და მითხრა: მადლობა სუნამოსთვის, რომელიც მე კი არა, სხვა ქეთის ეკუთვნოდა და ბოდიში, ასე რომ მოგატყუე. თავიდან მეგონა, ჩვენ შორის სერიოზული არაფერი მოხდებოდა და ტყუილები ამიტომაც გითხარი, მერე კი სიმართლის გამხელის შემეშინდაო.
ვიდრე ხმას ამოვიღებდი და რაიმეს ვეტყოდი, ტელეფონი გამითიშა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი მსმენია. ახლა უცნობ ადამიანს არც კი ველაპარაკები. მეშინია, მსგავს მახეში ისევ არ გავება. ნამდვილად აღარ მინდა, ასეთ უხერხულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდე.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)