ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ქალაქს თავი დააღწიოს და საკუთარ თავს მშვიდი თუ აქტიური დასვენება მოუწყოს
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, იგივე ბარბარიკა, შვებულებას სექტემბრისთვის გეგმავს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, პერიოდულად, ქალაქიდან გასვლას და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე ყოფნას მაინც ახერხებს.
- მარიშკა, თბილისში არ ხარ, უკვე მოახერხე დასასვენებლად წასვლა?
- სამსახურიდან შვებულებით ჯერჯერობით არ მისარგებლია, სექტემბრისთვის ვინახავ. ახლა, უბრალოდ, თბილისში არ ვიმყოფები, თორემ ისე ქალაქთან ახლოს ვარ. წყნეთში, მუხათწყაროში, წოდორეთში - აქეთ-იქით დავდივარ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად
- სექტემბერში შვებულებას რისთვის ინახავ?
- განსაკუთრებული გეგმა მაქვს. ჩემს გოგოებთან ერთად მივდივარ დასასვენებლად - სულ ხუთნი ვართ. ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ზაფხულში რამდენიმე დღით მაინც ვიკრიბებით სამეგობრო, ქმრების, შვილების, შეყვარებულებისა და ყველას გარეშე და ვატარებთ დროს.
- ზღვასთან ფლირტი ასოცირდება...
- ცხოვრებაში საკურორტო რომანი და ფლირტი არ მქონია. მე თუ ფლირტს ვიწყებ, იმ ადამიანთან ურთიერთობას აუცილებლად გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ. მოკლევადიანი ურთიერთობებით არ ვინტერესდები.
- რაც პოპულარული გახდი, შენს სახელს ბევრ ჭორს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად განიხილავდნენ შენსა და გიგი უგულავას ურთიერთობას. ერთად ისვენებენ, მათ შორის რაღაც ხდებაო, ამბობენ...
- (იცინის) გიგი უგულავა ჩემი ოჯახის ახლობელია. როცა დედაშენის მეგობართან გადაღებულ ფოტოს ამხელა ამბავი მოჰყვება, მარაზმია. ეს ადამიანი ჩემი ახლო მეგობარიცაა. ჩემსა და დედას შორის ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობაა. დედა სულ 19 წლითაა უფროსი. შესაბამისად, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ საერთო სამეგობრო წრე გაგვიხდა. ასე რომ, გიგი ორივეს მეგობარია. მასთან ერთად დასასვენებლად არ ვყოფილვარ, თუმცა რომ ვყოფილიყავი, ძალიან ბუნებრივი იქნებოდა, იმიტომ, რომ ოჯახის მეგობრები ძალიან ხშირად დადიან ერთად. მე და გიგიმ ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ ჭორზე. მისთვის, ალბათ, ისევ ცხრა წლის მარიშკა ვარ, რომელიც პირველად ნახა.
- პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, სერიალში ახალი გამოჩენილი იყავი. მითხარი, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდებოდა. ახლა შეიცვალა რამე?
- აღსანიშნავი არაფერი ხდება. მგონია, რომ პირადი პირადად უნდა დარჩეს, ამიტომ ვერიდები პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს. ადრე თუ გვიან, როცა ვიპოვი ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრების დაკავშირება მომინდება, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი, მაგრამ სანამ ასე არაა, მანამდე საჭიროდ არ მიმაჩნია, ყველაფერზე ლაპარაკი. ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება რაღაც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩემთვის მიუღებელია.
გაგრძელება