გინახავთ, როგორ ერთი სულის შებერვით ფანტავს ქარი შეგროვილ ფოთლებს? ზუსტად ასე მეფანტება ახლა სიტყვებიც. ამბავი იმდენად მძიმეა, არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვაქციო წინადადებებში...
გასულ თვეში გერმანიაში პროექტ Flight and Displacement - Young Perspectives on Global Challenges-ში მივიღე მონაწილეობა. ტრენინგკურსებში 5 ქართველი, გერმანელი, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. უცნაური ის იყო, რომ ქართული გვარი ჰქონდა მე-6, ჩვენთვის უცნობ გოგონასაც, რომელიც ჰაბიტუსითაც საოცრად გვგავდა. ვიფიქრე, ქართულად ლაპარაკი თუ არა, მოსმენილის გაგება მაინც შეეძლება-მეთქი და ერთ საღამოს, ტრენინგის ბოლოს, როცა შინ ფეხით ვბრუნდებოდით, რაღაც ვკითხე. მივხვდი, ვერაფერი გაიგო. მეც კითხვების ინგლისურად დასმა დავიწყე და მისი ამბის მოსასმენად მოვემზადე. ჰელენამ თავისი მშობლების ისტორია ისე მომიყვა, ერთჯერაც კი არ უხსენებია სიტყვა "მამა".
მიამბო ამბავი, რომლის პირველი ნაწილი ერთი "საამაყო" ფრაზით იწყება: "რა ქვეყანა დაანგრია ამ გარბაჩოვმა, გადავფრინდებოდი 37 მანეთად, კარგად ვიგულავებდი და..."
"მათი ქორწილის 1 ფოტოც კი არ მინახავს. რაც ვიცი, მხოლოდ ბებიისგან, დედა ამაზე არასდროს საუბრობს. ისინი ერთმანეთს 90-იანებში ტაშკენტში, უზბეკეთში შეხვდნენ, სადაც სამედიცინოზე ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ქართული ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი იყო. წყვილი კი ურთიერთობის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობდა. ერთ დღესაც საქართველოდან დარეკეს და ბათუმში დაბრუნება სთხოვეს, რადგან მისი ბებია კვდებოდა. ჩაალაგა ბარგი, წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მან იცოდა, რომ დედა ფეხმძიმედ იყო. მოგვიანებით, დედას საქართველოდან მისი ბიძა ესტუმრა და უთხრა, თუ ბავშვი ბიჭი იქნებოდა, კვლავ ისაუბრებდნენ. მაგრამ არ გაგვიმართლა - შვილი გოგონა აღმოჩნდა.
ბავშვობაში არ მესმოდა, რამდენად რთული იყო ეს დედისთვის. ჩემს თვალში ის ძლევამოსილი, გამძლე ქალი იყო, მაგრამ ახლა, როცა მე იმავე ასაკში ვარ, რა ასაკში დედა დაფეხმძიმდა, ვხვდები მისი გულგატეხილობისა და გაცივების მიზეზს. ის იყო მარტო, შეშინებული და დაბნეული. წარმოიდგინეთ, მას საკმარისი თანხაც არ ჰქონდა უნივერსიტეტისთვის და ფეხმძიმობის ხარჯებისთვის.
ჩემი დაბადების შემდეგ დედამ გააანალიზა, რომ უზბეკეთი არ იყო უსაფრთხო ადგილი ბავშვის აღსაზრდელად. იპოვა შორეული დეიდა ციმბირში და დახმარება სთხოვა. სურდა, რაიმე გაეკეთებინა ჩვენი მომავლისთვის. მე კი თავის დედასთან დამტოვა. მე ეს არ მახსოვს, მაგრამ ბებიამ მითხრა, როცა დედა დაბრუნდა, ის ვერ ვიცანი, რასაც თურმე ძალიან განიცდიდა და გამუდმებით ტიროდა.
შემდეგ ის დაბრუნდა, მოაგროვა ჩვენი ბარგი და გადავედით რუსეთში. ახლა ჩვენი ოჯახი 3 გოგონასგან შედგება: დედა, მე და ბებია.
გავიზარდე პატარა სახლში, სადაც არ მქონდა საკუთარი ოთახი. ეს იყო ძალიან მძიმე და რთული წლები. გაჭირვება რომ არ მეგრძნო, დედა გამუდმებით მუშაობდა. დავდიოდი რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. ახლა, როცა გავლილ გზას ვიხსენებ, ვხვდები, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო მან ჩემთვის და ამაში მხოლოდ მამაა დამნაშავე.
თინეიჯერობის პერიოდში, როგორც ყველას, მეც მქონდა უთანხმოებები დედასთან და ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მამაჩემივით ვიქცეოდი. მე კი მაცოფებდა ის აზრი, რომ მას რაიმეთი ვგავარ... ის ჩემს თვალში იყო სუსტი და მოღალატე კაცი. მე მას ვადანაშაულებ ყველაფერ ცუდში, რაც კი გადამიტანია. გამუდმებით მქონდა დაუცველობის და უმწეობის განცდა. დამნაშავეა იმაშიც, ბიჭებთან ურთიერთობა რომ არ გამომდის. ყოველთვის ვბრაზდებოდი, როცა ჩემი მეგობრების გვერდით მათ მამებს ვხედავდი. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რა არის მამა.
ბავშვობაში არც მე, არც რუსებს არ მოგვწონდა ჩემი გვარი და ნახევრად ქართველის სტატუსი. შეცვლაც ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ახლა მიხარია,რომ ეს არ გამომივიდა. ახლა ვამაყობ ჩემი გვარით ეს მახსენებს, რომ არის რაღაც, რაღაც ადგილი, რომელსაც ვეკუთვნი.
19-20 წლის ასაკში ვაღიარე, რომ არ ვარ მთლიანად რუსი და ნახევრად ქართველი ვარ. როცა ქართული სიმღერა მესმის, ის ეხება ჩემი სულის სიღრმეებს. გავიზარდე და გავაანალიზე, რომ ჩემი ერთი ნაწილი რუსეთია, მეორე კი საქართველო, რომელიც ახლა ცარიელია, რადგან ჩემთვის არავის უსწავლებია ქართული, არავის უჩვენებია ის და არ ვიცი საქართველოს ისტორია და ტრადიციები, მაგრამ ვიცი, ნაცია არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ერთი სუსტი კაცი, რომელიც წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჩემთვის საქართველო არ მთავრდება ამ კაცით...
არც მე და არც დედას ის არასდროს დაგვკონტაქტებია. სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთხელ დამილაიქა ფოტო, მაგრამ არ მოუწერია. მოგვიანებით დედას მისი ძმა დაუკავშირდა და მატერიალური დახმარება შესთავაზა. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. ვიცი, რომ ის მდიდარია, მაგრამ არ მჭირდება მისი ფული. არც ის ვიცი, საერთოდ მინდა თუ არა მასთან შეხვედრა. ან რომ შევხვდე, რა ვუთხრა. ვიცი, ადრე თუ გვიან აუცილებლად ვნახავ მას, მის თვალებში საკუთარ თავს ამოვიცნობ, თუმცა არასდროს ვუწოდებ მამას.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომს, მე მაშინ ბუდაპეშტში ვიყავი და იქ გავიგე ამის შესახებ. გავიგე დაბომბვების, უამრავი ადამიანის დახოცვის შესახებ... მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საქართველოს ჩემს ნაწილად არ ვთვლიდი, მაინც შემეშინდა, იქნებ საქართველოს აღარ ეარსება და მე აღარასდროს მომცემოდა მისი ნახვის საშუალება".
სასტუმროს მივუახლოვდით. შემხვედრმა სინათლემ ელენა გამოარკვია, თხრობა შეწყვიტა და ღიმილით მითხრა - თუმცა მე საქართველოს ამ დეკემბერს აუცილებლად ვესტუმრები...
მარიამ ელიაშვილი