ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაასკვნეს, რომ მამაკაცებიც ისეთივე ჭორიკანები არიან, როგორიც ქალები. მეტიც - ზოგიერთ მამაკაცს ქალზე მეტად უყვარს ჭორაობა. "კაცური ჭორებიც" ისეთივე დეტალებითა და თანამიმდევრობით გამოირჩევა, როგორითაც "ქალური".
მხარდაჭერისა და მეგობრული რჩევის მოლოდინში, ისინიც ჩვეულებრივ განიხილავენ წვრილმან უსიამოვნებებ სა და პრობლემებს. მხოლოდ ერთადერთი განსხვავებაა: ქალების საუბარში მეტი ემოციაა. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათი საუბარი უფრო კონკრეტულია და ის მთლიანად მამაკაცურ ლოგიკაზეა აგებული.
რაც უფრო ინტელექტუალური და განათლებულია მამაკაცთა საზოგადოება, მით მეტად საინტერესო საუბარი იმართება მათ შორის. ამ ლაპარაკის მოსმენისას ყველანაირ ინფორმაციას მიიღებთ.
კაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალები ერთმანეთს გაცილებით ბოროტად ჭორავენ, ვიდრე თავად; რომ მათი ჭორაობა ხუმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე გესლით გაჯერებულ "ეპითეტებს", ქალები კი თავიანთ მეგობარსა და ახლობელს უმეტესწილად "მწარედ ჰკბენენ"...
ეს რა თქმა უნდა, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სუბიექტური აზრია. სინამდვილეში კი გააჩნია კონკრეტულ შემთხვევასა და ადამიანს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, მამაკაცი მამაკაცის მიმართ გაცილებით ლოიალურია.
ალბათ ამიტომაცაა, რომ მათი მეგობრობა გაცილებით მყარია. თანაც ჭორაობისას ისინი ქალებს უფრო იოლად "გაწირავენ", ვიდრე ერთმანეთს. ქალები კი საპირისპირო სქესის მიმართ გაცილებით ყურადღებიანები, დამთმობნი და ერთგულნი არიან.
თუ კაცი ქალს ძალიან არ გააბრაზებს, მასზე აუგი არასოდეს დასცდება. ასე რომ, მამაკაცებს ვურჩევთ, სანამ ქალების აქტიურად გაჭორვას დაიწყებენ, სერიოზულად დაფიქრდნენ.
საერთოდ კი - ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს - გაითვალისწინეთ: ენას ძვალი არა აქვს და სანამ ვინმეზე რაიმეს იტყოდეთ, კარგად დაფიქრდით! არაფერი წამოგცდეთ ისეთი, შემდგომში უკან დასახევი გზა თავადვე რომ მოიჭრათ.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)