ქართველები არ უყვართ რუსებსო, ამბობენ, მაგრამ ზოგიერთები ისე ძალიან შეუყვარდათ, ჯილდოს ჯილდოზე გადასცემენ.
მაგალითად, დიანა ღურწკაიას კიდევ ერთხელ მოუწია მედვედევის ხილვა "საპატიო მისიით". ამჯერად გამოჩენილი რუსები (!) დააჯილდოვეს სახელმწიფო ჯილდოებით.
მათ შორის აღმოჩნდა რუსეთის დამსახურებული არტისტი დიანა ღურწკაია, რომელმაც მეგობრობის ჯილდო მიიღო, როგორც უსინათლოების დახმარების საქველმოქმედო ფონდის მეთაურმა.
დიანას მისამართით ქათინაურები რუსეთის პრეზიდენტმა საერთო სიტყვაშიც არ დაიშურა. თვითონ მომღერალმა კი, რომელიც ჯილდოს მისაღებად მივიდა მიკროფონთან, მღელვარებისგან მეტყველების უნარიც კი დაკარგა.
"ეს გაცილებით უფრო ამაღელვებელია, ვიდრე სცენაზე სიმღერა", - აღნიშნა ორიოდე წუთის შემდეგ.
ცერემონიის შემდეგ მედვედევი შამპანურის ბოკალით ხელში მივიდა დიანასთან მისალოცად. მოულოდნელობისგან მომღერალს ხელები აუცახცახდა, ბოკალი სახიფათოდ დაიხარა და ღვინო პირდაპირ სახელმწიფოს მეთაურის ხელზე დაიღვარა.
კიდევ კარგი, დიანას ქმარმა სიტუაცია სწრაფად გამოასწორა. ჯილდოს ასეთმა ერთგვარმა "დასველებამ" მედვედევის ღიმილი გამოიწვია, ალბათ გულში ქართველებს შეუკურთხა. საინტერესოა, ნეტავ ქართული ხომ არ იყო ის ღვინო?
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)