როგორც ასტროლოგები ამბობენ, ე.წ. დამწვარი გზის პერიოდი, ნოემბრის ბოლო დეკადიდან მოყოლებული დეკემბრის პირველი დეკადის ჩათვლით, ნებისმიერ წელს გამოირჩევა სირთულეებით და დამეთანხმებით, ალბათ, რომ მიმდინარე წელიც არ ჩაითვლება გამონაკლისად ამ მხრივ.
უკან მოვიტოვეთ ორი, მართლაც რომ ემოციურად და მოვლენების მხრივ საოცრად დრამატული კვირა. თუმცა, დამდეგი კვირაც არ იქნება ძალზე "დავარცხნილი" და სიმშვიდით გამორჩეული.
პირველ რიგში, იმიტომ, რომ უკვე გასული კვირის ბოლოდან პლანეტა მერკური, რომელიც კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცემა-მიღებაზე აგებს პასუხს, რეტროგრადული, ანუ უკანმავალი გახდა და ლამის დეკემბრის ბოლომდე ეს მოვლენა ფრიად გაართულებს ადამიანებს შორის კომუნიკაციის დონეს. რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ახალი საქმეების წამოწყება, მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა, შოპინგი და ტექნიკის შენაძენები. განსაკუთრებით საფრთხილო ამ მხრივ წვრილმან-მსხვილმანი აპარატურის შეძენა გახლავთ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, მერკურის რეტროგრადულობისას შეძენილ ტექნიკას ყოველთვის აღმოაჩნდება ხოლმე რაღაც წუნი ან მისი ექსპლუატაციის ვადა იქნება ხანმოკლე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დეკემბრის მიწურულამდე სასურველია, უკვე დაწყებული, მიტოვებული ან რაიმე მიზეზით გადადებული საქმეების დასრულებას მოჰკიდოთ ხელი, აღადგინოთ და დაათბოთ ურთიერთობები ახლო წრის ადამიანებთან, მეზობლებთან ან დედმამიშვილებთან. მით უმეტეს, რომ 6 დეკემბერს ზემოხსენებული რეტროგრადული მერკური პლანეტა სატურნთან გააკეთებს შეერთებას, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წამოწევს ასაკით უფროს ნათესავებთან ან ზემდგომებთან წარსულში დაწყებული კონფლიქტებისა და უთანხმოებების განახლების ერთობ ნეგატიურ პერსპექტივას. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ის დროა, რომ წარსულის პრობლემებზე საბოლოოდ გააკეთოთ რეაგირება და ერთხელ და სამუდამოდ მოხსნათ ის დღის წესრიგიდან.
მაღალჩინოსნებთან, ასაკითა და თანამდებობრივი სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანებთან ან სამართალდამცველებთან პრობლემების ალბათობა კვირის შუაგულშიც აქტუალური იქნება. სასურველია, მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ საქმიანი ურთიერთობებისას. ნუ გაგაღიზიანებთ ბიუროკრატიული წვრილმანები და ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას. იმიტომ, რომ უმნიშვნელო, თუმც კი მომავალში პრობლემატური წვრილმანი შეცდომების დაშვების ალბათობა ამ კვირაში ძალზე აქტუალური იქნება.
გაგრძელება