ეს სტატია უფრო იუმორისტული ხასიათისაა და სახალისო, თუმცა სიმართლის მარცვალსაც შეიცავს...
ყველამ ვიცით, რომ ჭორაობა ცუდი საქციელია, მაგრამ მაინც ვჭორაობთ. თანაც, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ! ალბათ, ჭორაობას რაღაც სარგებელი მაინც მოაქვს...
ჭორაობა აზარტული თამაშივითაა, რომელზეც უარს არ ვამბობთ არც დაქალებთან ერთად ყავის სმის დროს, არც კოლეგების გარემოცვაში ყოფნისას, მეზობელთან შეხვედრისას... მზად ვართ, "გავუზიაროთ" სხვა ადამიანებს პიკანტური ახალი ამბები, კომენტარი გავუკეთოთ უფროსის ჩაცმულობის სტილს (თუ უფროსი ქალია, ამას მეტი გატაცებით ვაკეთებთ), ვიცინოთ დაბალი ტანის მეზობელზე, რომელმაც ახლახან უზარმაზარი ჯიპი შეიძინა...
შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ? ვინ იცის???... თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ჩვენი საუბრების 60% სხვა ადამიანებისადმია "მიძღვნილი". რა სისულელეა, არა? - არა! უმეტესწილად, ჩვენ იმისათვის კი არ ვჭორაობთ, რომ ვინმეს დავცინოთ. სხვა მიზნები გვამოძრავებს.
პირველ რიგში, ჩვენ გვსურს ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე სხვა ადამიანებისთვის "სარგებლის" მოტანა. და თუ არ გადავაჭარბეთ, გამოგვდის კიდეც!
1. ფარული ერთობა. თუ გარშემომყოფ ადამიანებთან, კოლეგებთან, თანაკურსელებთან მხოლოდ ზოგად პრობლემებსა და კულინარიულ რეცეპტებზე ისაუბრებთ, ნამდვილად ვერ გახდებით ახლო მეგობრები. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ კმარა, თუნდაც ეს ინფორმაცია ძალიან სასარგებლო იყოს. ამისათვის საჭიროა საიდუმლოს გაზიარება, "ფარული ცოდნისა", ანუ ჭორებისა...
2. ნუგეშის მოპოვება. იმის ცოდნა, რომ პრობლემები სხვებსაც აქვთ, ჩვენ უფრო გვიადვილებს საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას. როდესაც რაიმე მსგავსს ვიგებთ, რა თქმა უნდა, არ გვიხარია, რომ სხვა ცუდ დღეშია, თუმცა სადღაც გულის კუნჭულში მაინც ვმშვიდდებით.
3. ფარული წესები. ყოველ ადამიანს განსხვავებული ხასიათი, ჩვევები, გემოვნება და ქცევის მანერა აქვს მაგრამ ამავე დროს, მას სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში უწევს ყოფნა. და რომ არა ჭორი, როგორ გაიგებს, რას მოითხოვენ მისგან კონკრეტული ადამიანების ჯგუფში?
4. აშკარა უპირატესობა. ზოგჯერ ჭორი ოქროზე ძვირფასია, შინაარსს გააჩნია, და როდესაც ამ "განძს" ფლობს ადამიანი, თანაც "ჭკვიანი", უდავოდ სწორ დასკვნებს გამოიტანს. ის კი, ვინც ამ ძვირფას ამბებს ავრცელებს, მაშინვე "იზრდება" "კლუბის წევრების" თვალში. სტატუსის ამაღლება ყველას სურს, ამიტომაც ილტვიან მეტი "ცნობების" დაგროვებისკენ.
5. გონების სავარჯიშო. იმისათვის, რომ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი ამბები შეიტყოთ, საჭიროა დეტალების დაზუსტება. ამ მიზნით ადამიანს სჭირდება ყურადღების გამახვილება, მეტი დაკვირვებულობა და მოსაზრებულობა, რადგან ყურმოკრული ამბიდან მთავარი ხომ აზრის გამოტანაა საჭირო... ჭორების შეგროვება შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს!
6. ბედნიერი წუთები. როდესაც ვინმეს დავცინით ან ვინმეზე მეტი გვგონია თავი და მასზე ვჭორაობთ, ამ დროს დიდი რაოდენობით ენდორფინები, ანუ ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც თავის მხრივ, ამცირებს ტკივილს, ხსნის სტრესს და გვჩუქნის ეიფორიის შეგრძნებას.
7. კარგი მოტივაცია, როდესაც განუწყვეტლივ გესმით, თუ როგორ მოიხსენებენ თქვენი "კულუარული" თანამოსაუბრენი უნიჭოებს, ზარმაცებს, არაფრის მაქნის და გოიმ ადამიანებს, ბუნებრივია, არ გსურთ მათ რიცხვში მოხვედრა. ამიტომაც ორმაგი ძალებით ცდილობთ "პიროვნულ ზრდას" და "გაუმჯობესებას".
8. ენერგიის წყარო. წარმოიდგინეთ, ახლობელი თქვენი ყურისკენ მოილტვის, ხმას იდაბლებს და რაღაც "მნიშვნელოვანი" უნდა ჩაგჩურჩულოთ. ამ დროს თქვენ - სულგანაბული "სენსაციის" მოლოდინში... მაშინვე გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
ასე რომ, გარდა ზიანისა, ჭორს "სიკეთის" მოტანაც შესძლებია...
თამარ ბეჟიტაშვილი