რამდენიმე კვირაში მოიკლო საგრძნობლად წონაში, თან გაახალგაზრდავდე და გაიუმჯობესო ჯანმრთელობა – შესაძლებელია, ამტკიცებენ "სწრაფი დიეტა 5:2"-ის შემქმნელები.
ამისთვის საჭიროა მხოლოდ მოაწყოთ კვირაში ორი განტვირთვის დღე.
კვების სისტემა "სწრაფი დიეტა 5:2" მოიფიქრა ექიმმა და BBC-ის სამეცნიერო ჟურნალისტმა მაიკლ მოზლიმ.
გახდომის სწრაფი და უსაფრთხო მეთოდის ძიებაში მან მთელი ამერიკა მოიარა და უამრავ მეცნიერს შეხვდა. ზედმიწევნით შეისწავლა განტვირთვის დღეების შესახებ ყველა ინფორმაცია და შეიმუშავა საკუთარი სისტემა.
დოკუმენტურმა ფილმმა ჟურნალისტის დიეტურ კვლევებზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მთელ დიეტოლოგიაში. მალე გამოიცა წიგნიც მოზლის დიეტურ კვლევებზე.
- სისტემის არსი ძალიან მარტივია: კვირაში ორი დღე ვზღუდავთ კალორიების რაოდენობას 500-მდე (მამაკაცებისთვის 600-მდე), დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივ ვიკვებებით – გვიხსნის მოზლი. ანუ ამ დიეტის დროს არ მოგიწევთ სამუდამოდ უარი თქვათ საყვარელ მაკარონზე, კარაქიან ბუტერბროდებსა და ტკბილეულზე. მათზე უარს მხოლოდ კვირაში 2 დღე იტყვით. ეს უამრავ დაძაბულობას ხსნის.
ამ სისტემის მიხედვით 3 თვეში 10 კგ-ს დაიკლებთ.
დიეტის ავტორი განტვირთვის დღეებში 500 კალორიის საკვების ორ მიღებაზე გაყოფას გვთავაზობს – საუზმეზე და ვახშმად.
რაციონის საფუძველი უნდა იყოს – უცხიმო ცილა, ბოსტნეული და მწვანილი.
ცილის იდეალური ვარიანტი იქნება - კვერცხი. "ორი კვერცხისგან 150 კკალ-ს მიიღებთ, კიდევ 50-ს ხაჭოსგან და იოგურტის ან შვრიის ფაფისგან კენკრით, 20 კკალ-ს ყავის ან ჩაისგან. ვახშმად შეგიძლიათ მიირთვათ ორთქლზე მომზადებული თევზი, პლუს ბოსტნეული ან მწვანილი, - გვირჩევს დიეტის ავტორი. – მე უპირატესობას ვანიჭებ გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს ზეითუნის ზეთით". კიტრი, სალათის ფოთლები, ნიახური – ყველაფერი ეს შეგიძლიათ უზომოდ ჭამოთ – მათში კალორიები თითქმის არ არის.
- აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ დიეტის დღეებში ვსვათ ლიტრობით წყალი ლიმონით, რამდენიმე ფინჯანი ჩაი, უმჯობესია მწვანე.
საუზმიდან ვახშმამდე გაძლება ბევრად მარტივი იქნება, თუკი ამ დღეს სამუშაოთი იქნებით დაკავებული. ამიტომაც დიეტოლოგი გვირჩევს, არ მოვაწყოთ განტვირთვის დღეები შაბათ-კვირას, როცა შინ ვართ. "ბევრი ორშაბათს და ხუთშაბათს ირჩევს: ასე ბევრად მარტივია, შუალედი გექნებათ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გადაიტანოთ "შიმშილის" დღე თქვენი ნება-სურვილით.
ბონუს-ტრეკი
განტვირთვის დღეებს, წონაში კლების გარდა, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაატარეს გამოკვლევები და აღმოაჩინეს, რომ ის, ვინც კვირაში ორ დღეს განტვირთვას აწყობს, სხვა დღეებშიც ვეღარ ჭამს ბევრს.
შეეცადეთ, დიეტის დღეებში მაქსიმალურად გემრიელი კერძები მოამზადოთ. გამოიყენეთ წიწაკა, ლიმონი, სანელებლები და მწვანილები.