ვინ არ ოცნებობს ვიწრო წელზე, ბრტყელ მუცელსა და მკვრივ კანზე? ის, ვისაც ეს უკვე აქვს. თუმცა, ჩვენ შორის ცოტა არის ისეთი, ვისაც სხეულის იდეალური ფორმები უშრომლად ერგო.
კარგი ფორმების შესანარჩუნებლად ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო. ლამაზი სხეულის ფასი განსაკუთრებით ფუმფულებმა იციან. პირველი საშუალება, რომელსაც ისინი მიმართავენ - დიეტებია. და ზუსტად აქ არის სწორი გზის პოვნა აუცილებელი, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.
1. პიერ დიუკანის დიეტა
ფრანგი ექიმის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღესდღეობით. იგი ცილოვან, კეტოგენურ დიეტებს განეკუთვნება, ძალზე მკაცრია და კრძალავს ნახშირბადებსა და ცხიმს, მაგრამ შესაძლებელია უცხიმო ცილების მიღება ნებისმიერი რაოდენობით. ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რადგან წარმოადგენს კვების სრულფასოვან სისტემას, დაყოფილს რამდენიმე ეტაპად.
თუ არ გიყვართ კვერცხი, სუბპროდუქტები, რძის ნაწარმი, საქონლისა და ქათმის ხორცი, უმჯობესია, თავიდანვე უარი თქვათ ამ სისტემაზე, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თუ ტკბილეული გიყვართ - განსაზღვრული პროდუქტების ჩამონათვალიდან სხვადასხვა ვარიანტის დესერტების მიღება შეგიძლიათ. და კიდევ ერთი პლუსი - მოტივაცია თქვენივე წონა გახდება, რომელიც პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყებს კლებას.
მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. პირველ რიგში, ეს დიეტა აკრძალულია მათთვის, ვისაც თირკმელი აწუხებს. ცილების დიდი ოდენობის მიღებამ შესაძლებელია ქვიშა და ქვებიც კი წარმოშვას. მეორეც, უჯრედების რაციონიდან მკვეთრად ამოღება (დიეტის პირველ ეტაპზე ხილი აკრძალულია) იწვევს შეკრულობას, ვიტამინების მიღება მცირდება.
დიეტა გამორიცხავს მარილს - რაც თავბრუსხვევას იწვევს. დიეტა კრძალავს ცხიმს - მის გარეშე კი კანი და თმა მბზინვარებას კარგავს. ნახშირბადების ნაკლებობა იწვევს დაღლილობას. ამიტომ, სანამ კვების ამ სისტემაზე გადახვალთ, აუცილებელია შეისწავლოთ დიუკანის მიერ შემუშავებული ყველა მასალა, გააანალიზოთ და გაიგოთ, მოგიხდებათ ეს დიეტა თუ არა.
2. ატკინსის დიეტა
კვების ეს სისტემა დაბალნახშირბადიანს, კატოგენურს მიეკუთვნება. ისევე, როგორც დიუკანის დიეტა, იგი კრძალავს ნახშირბადებს. თუმცა, ცხიმის მიმართ ისეთივე მკაცრი არ არის, როგორც დიუკანის, სადაც რძის ნაწარმი მხოლოდ 0%-იანია დასაშვები, ასევე აკრძალულია ხორცის ცხიმიანი სახეობები (ღორის, ბატის, კურდღლის). ატკინსის დიეტის დროს შესაძლებელია თხილისა და ზოგიერთი ხილის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ იგი უფრო იოლია, ვიდრე დიუკანის დიეტა.
3. პროტასოვის დიეტა
კიმ პროტასოვის დიეტა ასევე პოპულარულია მათთვის, ვისაც სწრაფად და ეფექტურად სურს წონაში დაკლება. მისი დიეტის სისტემა მკვეთრად არის გაწერილი: მჟავე რძის პროდუქტები 5%-მდე, მწვანე ვაშლი და ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს; კვერცხი, ხორცი, თევზეული. უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ შეზღუდულია პროდუქტების რაოდენობა, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე. არის დიდი ალბათობა, რომ შეიძლება ვერ გაუძლოთ ცდუნებას, როდესაც ვინმე ხორცის არომატულ კერძს ამზადებს. უხეშად რომ ვთქვათ, ამ დიეტის დროს განდეგილის როლში მოგიწევთ ცხოვრება. აკრძალულია ყველა კენკროვანი და ხილი, მწვანე ვაშლის გარდა, რაც მკვეთრად სწევს დაბლა ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღებას. ამან შესაძლოა კანზე, თმასა და ფრჩხილებზე უარყოფითად იმოქმედოს.
4. LCHF დიეტა
ეს დიეტა შვედეთიდან მოდის და მას უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს. Low Carb High Fat (LCHF) ითარგმნება, როგორც "ცოტა ნახშირბადი, ბევრი ცხიმი". იგი ასევე მიეკუთვნება კეტოგენურს, რადგან ცხიმის მიღებისას (თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ ღორისა და ქათმის ხორცი კანით, ცხიმიანი ყველი, ნაღები, კარაქი და ა.შ) გამომუშავდება კეტონები.
მიდის წონის კლების პროცესი, რეგულირდება სისხლში შაქრის შემცველობა - ეს კარგია, მაგრამ კეტონები, როგორც ასეთი, საშიშია. ამასთან, კვების ეს სისტემა კარგად არ არის შესწავლილი, რაც ორგანიზმისთვის უკვე საზიანოა. დიეტა აკრძალულია ბავშვებისთვის და ორსულებისთვის. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
5. დიეტა- სისტემა "მინუს 60"
ამ სისტემას ასევე ეკატერინა მირიმანოვას სისტემას უწოდებენ. მასზე უამრავი ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი ინტერნეტსივრცეში. დავიწყოთ ცუდით: დიეტის ყველაზე დიდი ნაკლი გახლავთ ის, რომ კვების ბოლო მიღება 18:00-ზე გიწევთ და მომდევნო დილამდე ჭამა აკრძალულია. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზმი 14 საათის განმავლობაში შიმშილობს და იძულებულია, საკუთარი რესურსებიდან მიიღოს საკვები ნივთიერებები. უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ ჭამთ საკუთარ თავს შიგნიდან - ამით ზიანს აყენებთ ორგანოებსა და კუნთებს.
დილით შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით. წარმოიდგინეთ - 14 საათის განმავლობაში არაფერი მიგიღიათ, ახლა კი... სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა? ნივთიერებათა ცვლა შენელდება, ეს კი ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, თუ ნახშირბადების ულუფას დილიდანვე მიიღებთ, სისხლში შაქრის დონე მკვეთრად აიწევს, რამაც შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს. თავიდან წონის კლება გაგახარებთ, მაგრამ შემდგომში ამას ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემა მოჰყვება. ასე რომ, ამ დიეტას ზიანის მიყენებაც შეუძლია.
წონის დასაკლებად რომელ დიეტას აირჩევთ - თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რჩევა: თუ ბოლომდე აპირებთ რომელიმეს დაცვას, არ გადახვიდეთ კვების არცერთ სისტემაზე, თუ არ მიჰყვებით მათ. თუ სისტემა თქვენი ცხოვრების სტილი არ გახდება, ასე ივლით დახურულ წრეზე, ზედმეტი წონა კი თქვენს ტანზე სულ ახალ და ახალ ფენებს დაიდებს.