დაიკელით წონაში და გათბით ზამთრის სუსხიან დღეებში ბოსტნეულის ამ არაჩვეულებრივი წვნიანით.
ის მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით; ამასთან, დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები და თან აიმაღლოთ იმუნიტეტი – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, როცა გარეთ ზამთარია!
დიეტის დროს შეგიძლიათ სვათ ცხელი მწვანე ან ბალახების ჩაი, ზომიერად ყავა და კეფირი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დღის განმავლობაში მიღებული სითხის საერთო რაოდენობა არ იყოს 1,5 ლიტრზე ნაკლები (სუპთან ერთად).
ზამთრის დიეტის მენიუ:
საუზმე: 1 ულუფა სუპი ჭვავის ან ცეხვილი პურით, ჩაი/ყავა უშაქროდ.
მეორე საუზმე: 1 ნებისმიერი ხილი ან 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 1 ულუფა სუპი, უმი ბოსტნეულის სალათა 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 150-200 გრ მოხარშული ხორცი ან თევზი.
სამხარი: 1 ნებისმიერი ხილი ან 1 ჭიქა კეფირი
ვახშამი: 1 ულუფა სუპი, უმი ბოსტნეულის სალათა ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 150-200 გრ მოხარშული ხორცი ან თევზი.
ღამის წახემსება: 1 ჭიქა კეფირი ან 100-150 გრ ხაჭო იოგურტით.
*1 ულუფა – ეს არის ის რაოდენობა, რომელიც დაგანაყრებთ. ნუ შეიზღუდავთ თავს პატარა თეფშებით, მიირთვით იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ. შიმშილი ვერ დააჩქარებს გახდომას, პირიქით, შეაჩერებს, რადგან ზამთარში ჩვენი ორგანიზმი მიდრეკილია გააკეთოს მარაგი და ცხიმს ძალიან, ძალიან ძნელად ელევა. გაითვალისწინეთ ეს და არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ.
*მიირთმევთ თუ არა დიეტის დროს ხორცს ან თევზს, ეს თქვენი გადასაწყვეტია: ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ცხოვრებისეულ პოზიციაზე, გემოვნებასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. გახდომის პროცესზე ეს არანაირად არ აისახება.
ბოსტნეულის სუპი გასახდომად. რეცეპტი:
ინგრედიენტები:
2 ლიტრი წყალი;
1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო;
1 სტაფილო;
1 ტკბილი წიწაკა;
1 კარტოფილი;
1 პატარა ხახვი;
1 კბილი ნიორი;
1/2 ლიმონი;
მარილი და პილპილი;
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
მწვანილი;
მომზადების წესი:
ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ ყვავილედებად, სტაფილო გახეხეთ, წიწაკა, კარტოფილი და ხახვი დაჭერით. ქვაბი წყლით დადგით გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ ქვაბში დანარჩენი ბოსტნეული და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთი, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, ჩააწურეთ ლიმონი, ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოხარშული ბოსტნეული შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან მიირთვათ ისევე, როგორც თქვენ მოგესურვებათ.
ბოსტნეულის სუპით გახდომის რეჟიმი გრძელვადიანი დიეტების რიგს მიეკუთვნება. თუკი მოგბეზრდებათ, ზოგიერთი ბოსტნეული შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვებით. მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლით, კარტოფილი – მოხარშული ლობიოთი, წიწაკა – ტომატით, ჩვეულებრივი ხახვი – მწვანე ხახვით. ასევე, სუპში შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანე ბარდა (არადაკონსერვებული), ნიახურის ღერი, ყაბაყი, 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი. ორიენტირი გააკეთეთ თქვენს გემოვნებაზე და გამოიყენეთ ის ბოსტნეული, რომელიც თქვენ გიყვართ!