ბევრი თქვენგანისთვის, ვინც ჭარბ კილოგრამებს აქტიურად ებრძვის, უცხო არაა ის ფაქტი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ წონა ჯიუტდება და ადგილიდან ძვრა აღარ აქვს.
როგორ მოვიქცეთ? დიეტა შევცვალოთ? ფიზიკური დატვირთვა გავზარდოთ? - ამ კითხვებით marao.ge-მ ფიტნეს-ინსტრუქტორ თინათინ ალადაშვილს მიმართა:
- წონის ე.წ. გაყინვის წერტილი აბსოლუტურად კანონზომიერი მდგომარეობაა, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
1. ორგანიზმი ვერ ასწრებს ადაპტირებას ახალ პირობებზე და ცდილობს, რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს პირვანდელი, მისთვის ნაცნობი რეჟიმი. ორგანიზმს არ სურს, გასცეს ცხიმის მარაგი და გადავიდეს კალორიების ეკონომიურ ხარჯვაზე.
2. ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ორგანიზმის ტემპერატურა დაბლა იწევს, ძილი უფრო ხანგრძლივია, მოძრაობ უფრო მსუბუქად. ეს ყოველივე კანონზომიერი პროცესებია, მაგრამ თითოეულისთვის მაინც დგება წონის "უძრავ წერტილზე" გაყინვის მისეული პერიოდი.
ამ დროს მთავარია, დაწყებული საქმე შუა გზაში არ მიატოვოთ. თუ დიეტის დროს წონა კლებულობდა, მაშასადამე, ეს დიეტა თქვენთვის ეფექტურია. გაივლის რაღაც პერიოდი, შეიძლება თვეზე მეტიც კი, და ისევ დაიწყებთ კლებას.
ორგანიზმს ესაჭიროება ამოსუნთქვის საშუალება. ის უნდა შეეგუოს ცვლილებებს. შეგუების პერიოდის დაჩქარება შესაძლებელია, მაგალითად, ფიზიკური აქტივობის ჩართვით. თუ ვარჯიშობთ, სავარჯიშო პროგრამის შეცვლით. თუ განტვირთვის დღე ერთხელ გქონდათ კვირაში, კიდევ ერთი განტვირთვის დღის დამატებით და სხვ.
თუმცა პროცესების ხელოვნურად ფორსირების, არც კვების და არც ვარჯიშის მხრივ, მომხრე არ ვარ. ვაცადოთ ჩვენს ორგანიზმს. ის ბრძენია და ჩვენზე უკეთ იცის, როდის როგორ მოიქცეს“.
თინათინ ალადაშვილი ერთ-ერთი ფიტნეს-ცენტრის დამფუძნებელია. მისი მთავარი პრინციპი თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა. ამ მეთოდით ის უამრავ ადამიანს დაეხმარა:
„ფიტნეს-დიაგნოსტიკიდან გამომდინარე, ყველას ვუდგენ ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას და კვების რაციონს. შედეგების დინამიკიდან გამომდინარე, ყველასთან ინდივიდუალურად ვმუშაობ. სისტემა, რომლის ავტორიც გახლავართ, ითვალისწინებს პარამეტრების შემცირების ხარჯზე პრობლემური ზონების კორექცია-ძერწვას. ანუ ვმუშაობ პრობლემური ზონების მიზანმიმართულ კორექციაზე“, - ამბობს თინა.