ადამიანის სხეული მუდმივად განიცდის ფორმების ცვლილებას, რომლის შენარჩუნებაც წლების მატებასთან ერთად არცთუ ისე მარტივი საქმეა. ამიტომ ვარჯიში და სწორი კვება ყველაზე აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც დაგვეხმარება ზედმეტ წონასთან ბრძოლაში და ამასთანავე, ორგანიზმის მუდმივად ჯანსაღად ყოფნაში.
ნებისმიერი ტიპის ვარჯიშის შემდეგ კმაყოფილების განცდა გვეუფლება, თუმცა არსებობს რისკი იმისა, რომ ნაყოფიერი ვარჯიშის შემდეგ, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაგვეყაროს, თუ თავს იმის უფლებას მივცემთ, რაც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კატეგორიულად დაუშვებელია, კერძოდ:
ძილი
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძილი, ფიზიკური დატვირთვის დონის მიუხედავად, ორგანიზმს, განსაკუთრებით კი, გულის რიტმს, მოსვენების მდგომარეობაში ეტაპობრივი გადასვლა სჭირდება - ამიტომ დაიცავით 2-საათიანი დროის შუალედი ვარჯიშიდან დაძინებამდე. ასე შეამცირებთ გულზე განვითარებულ სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს.
ნაკლები სითხე
- ვარჯიშის დროს წყლის დალევაზე მწვრთნელების აზრი ორად იყოფა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, რომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის ბალანსის შევსება აუცილებელია. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მალევე წყლის დალევაზე ბევრი უარს ამბობს, რათა თავიდან აიცილონ შეშუპება. სინამდვილეში კი წყალი იმდენი უნდა დალიოთ, რამდენსაც ორგანიზმი ითხოვს. ეს მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ვარჯიშის შედეგის შესანარჩუნებლად. უპირატესობა მიანიჭეთ სუფთა წყალს, გამორიცხეთ წვენები, გაზიანი ან ენერგეტიკული სასმელები.
შიმშილი
- სპორტი ბევრ ენერგიას წვავს, რასაც შევსება სჭირდება, მაშინაც კი, თუ თქვენი მიზანია წონაში კლება. ვარჯიშის შემდეგ ხანგრძლივი შიმშილი სასურველ შედეგამდე ვერ მიგიყვანთ, თუმცა არც მაშინვე ჭამაა რეკომენდებული. ვარჯიშის პროცესში ირთვება ცხიმის დაჩქარებულად წვის მექანიზმი, რაც ფიზიკური აქტივობის შემდეგ კიდევ ერთ-ორ საათს გრძელდება. თუ ამ მომენტში ჭამას გადაწყვეტთ, მაშინ ორგანიზმს ენერგიის ალტერნატიულ წყაროს მისცემთ და კალორიების წვას შეაჩერებთ. ოპტიმალური ვარიანტია - მსუბუქად კვება ვარჯიშიდან 1,5-2 საათის შემდეგ. შესანიშნავი იქნება ბოსტნეულის სალათა ან ქათმის ფილე.
გაჭიმვების გამორიცხვა
- როგორც წესი, ძალოსნური და აერობიკის ვარჯიშები 5-10-წუთიანი დაჭიმვებით სრულდება. ბევრი კი ამას უარყოფს - სულ ტყუილად. გაჭიმვა კუნთების დამატებითი დატვირთვისთვის არ სრულდება, არამედ პირიქით, მათი განტვირთვის, აღდგენისა და ელასტიკურობისთვის. ვარჯიშის შემდეგ მალევე მათ დასამშვიდებლად აუცილებელია მსუბუქად გაიჭიმოთ - ასე უკეთეს შედეგს მიიღებთ და ვარჯიშის შედეგად მიღებული ტრავმების რისკსაც თავიდან აიცილებთ.