„15 წლის ბავშვისთვის ძალიან რთული იყო ის გზა, რომელიც გავიარე და რაც მერე მოხდა“ - ბარბარა სამხარაძე წონის კლებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს

მომღერალი ბარბარა სამხარაძე ფართო საზოგადოებამ 2016 წელს პოპულარული შოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან ხალხის სიყვარული განსხვავებული ხმის ტემბრითა და სტილით მალევე მოიპოვა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. ამ ამბის შემდეგ ბარბარა ტელეეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდებოდა, თუმცა მის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. განვლილი გზისა და იმ სირთულეების შესახებ, რაც მას ამ ხნის მანძილზე შეხვდა, მომღერალი ხმამაღლა საუბრობს და ვიდეოებს საკუთარ გამომწერებს „ტიკტოკის“ პლატფორმაზე უაზიარებს.

როგორც თავად განმარტავს, ბარბარასთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა, მუდმივად მისკენ მიმართული უცნობი ადამიანების
მზერა არც ისე ეკომფორტული იყო და ამის გამო არაერთხელ აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში: „15 წლის ვიყავი, როცა „ნიჭიერში“ გავიმარჯვე. 15 წლის ბავშვისთვის ძალიან სტრესული იყო ის გზა, რომელიც გავიარე და რაც მერე მოხდა. როცა ქუჩაში გავდიოდი, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩემი სახელი მესმოდა. დღესაც ასეა, მაგრამ მაშინ უფრო გამოხატავდნენ. განა ეს ცუდია, მაგრამ იმ ასაკში ამ ყველაფრის მრცხვენოდა, მერიდებოდა, პასუხისმგებლობას მაკისრებდა და დღესაც იმავეს ვგრძნობ. ძალიან მიყვარს მგზავრობა მატარებლით და ძალიან ბევრჯერ, როცა ბევრი მზერა მიგრძვნია, პანიკური შეტევა დამწყებია. ამისთვის, პანდემიამდეც, პირბადესა და სათვალეს ვატარებდი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, არ მშველოდა, რადგან ვიზუალითაც მცნობენ. შემდეგ, როცა პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, 4 თვის განმავლობაში ჩემს კარს არ გავცდენივარ, მაღაზიაშიც კი არ ჩავდიოდი, მაგრამ ერთი თვის წინ გადავწყვიტე, რომ 12 ოქტომბერს ვხდები 21 წლის, 2021 წელს, თანაც 21-ე საუკუნეში, ეს წელი ჩემი უნდა იყოს. უნდა ვებრძლო ყველაფერს, რაც მაკნინებს. ერთი თვის წინ დავიწყე სწორი კვება და უკვე 10 კილოგრამი დავიკელი. მარტო დავდივარ ისეთ საქმეებზე, სადაც აქამდე ჩემი მეგობრები დამყვებოდნენ. მე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ჩემი თავისთვის უნდა გამეკეთებინა. გადავწყვიტე, რომ შევიცვლებოდი და დაბადების დღეზე ჩემს თავს საკუთარი თავის ახალ ვერსიას ვაჩუქებდი. მე დავიწყე ჩემი შეცვლით სამყაროს შეცვლა,“ - ამბობს ბარბარა ვიდეოში.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93