ტერმინი „ღამის დიეტა“ ამერიკელმა ფსიქიატრმა ალბერტ სტანკარდმა მე-20 საუკუნის შუა ხანებში შემოიღო. ის გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც შეისწავლა ღამით ჭამის ფენომენი და ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას.
სტანკარდის თქმით, ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ჭამენ ცოტას, ხოლო ღამით შედარებით მეტს, აქვთ დაბალი თვითშეფასება. ამ ადამიანებში ფსიქოლოგიური პრობლემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ძილის დარღვევასთან, ხოლო ძილის დარღვევა პირდაპირაა დაკავშირებული წონის მატებასთან. ვინაიდან, როცა ღამით ბევრს მივირთმევთ, გვიჭირს დაძინება.
აქედან გამომდინარე, სტანკარდმა, სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად შეიმუშავა ღამის სპეციალური დიეტა. ამ დიეტის მთავარი წესი დღის განმავლობაში სწორი და ჯანსაღი კვებაა.
საუზმე მდიდარი უნდა იყოს ცილებით: შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო, ყველი, კვერცხი, ქათამი, ბოსტნეულის სალათა. შეგიძლიათ ხაჭოს დაუმატოთ ბანანი, თხილი, ჩირი.
რაც უფრო ახლოვდება ღამე, მით უფრო მსუბუქი და დაბალკალორიული საკვები უნდა მიირთვათ. დაძინებამდე 3 საათით ადრე დალიეთ უცხიმო კეფირი, აუცილებლად მოერიდეთ ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებს.
თუ გადაწყვეტთ, რომ ღამის დიეტა დაიცვათ, ეს პერიოდი, საშუალოდ, 6 თვიდან 1 წლამდე უნდა გაგრძელდეს. ნამცხვრები, ღვეზელები, სწრაფი კვება, გაზიანი სასმელები, ტკბილეული - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ღამის დიეტის დროს უნდა ამოიღოთ რაციონიდან.
როგორც წესი, ჭარბი წონის კლებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ თუ ღამით ამ პროდუქტების მიღებისგან თავს შეიკავებთ და დღის განმავლობაშიც ჯანსაღად იკვებებით, მაშინ დაკლებული კილოგრამები უკან აღარასდროს მობრუნდება.
ია რომანაძე