მოხდენილი სხეული ბევრი ქალბატონის ოცნებაა. რას აღარ მიმართავენ მანდილოსნები ამის მისაღწევად - ვარჯიშებს, მედიკამენტებს და რა თქმა უნდა, დიეტებს.
დღესდღეობით უამრავი დიეტა არსებობს: კომბოსტოს, გრეიპფრუტის, კრემლის, ჩინური, სითხის და ა.შ. თუმცა ამ დიეტების უმრავლესობა არ იძლევა დადებით ეფექტს (ან ძალიან მოკლევადიანს), ამავე დროს ქალბატონები, რომლებიც ასეთ დიეტებს რეგულარულად იცავენ, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას.
გავარკვიოთ, რომელი დიეტაა სახიფათო ჯანმრთელობისთვის და როგორ უკეთესია ვიკვებოთ იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში? წარმოგიდგენთ დიეტებს, რომლებსაც უმჯობესია, გვერდი ავუაროთ.
შიმშილი.
თითქოს, მშვენიერი პერსპექტივაა იმისათვის, რომ უცებ დავიკლოთ წონაში. არც რაიმე განსაკუთრებული პროდუქტის შეძენაა საჭირო - იაფი და ეფექტურია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით - შიმშილი და თან სითხის გარეშე, შინაგან ორგანოებს აზიანებს. გარდა ამისა, ეს პირდაპირი გზაა ანორექსიისკენ.
მონოდიეტა.
ძალიან პოპულარულია. მას მერე, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურასა და კეფირს მიირთმევთ, რა თქმა უნდა, წონაში დაიკლებთ, მაგრამ ასეთი დიეტის დაცვა ერთ დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება, რადგან იწვევს ავიტამინოზს და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს. გარდა ამისა, ასეთი დიეტის დროს გადატანილი სტრესის გამო, შემდგომში წონა ორმაგად დაგიბრუნდებათ.
უმარილო და უშაქრო დიეტა.
ეს დიეტები ძალიან საშიშია, რადგან მარილი და შაქარი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებია. და თუ მათ გარეშე მიიღებთ საკვებს, ორგანიზმში დაირღვევა მარილისა და ნახშირწყლების ბალანსი, რაც ცუდად აისახება გულისა და ტვინის მუშაობაზე. თანაც წონაშიც ვერ დაიკლებთ, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან მხოლოდ დიდი რაოდენობით წყალი გამოდევნება.
უმი დიეტა.
ვფიქრობ, ეს ყველაზე სულელური და ამასთან საშიში დიეტაა - აბა, როგორია ჭამო ყველაფერი უმად, ხორციც კი. ეს ხომ პირდაპირი გზაა მომაკვდინებელი ბაქტერიების ორგანიზმში შესაშვებად? ამასთან მუდმივად დაიტანჯებით დიზბაქტერიოზით.
მწვანე დიეტა.
მხოლოდ მწვანე ჩაი - ეს არის ამ დიეტის პრინციპი. მწვანე ჩაი რომ
ძალიან სასარგებლოა, უდავოა. მაგრამ კოფეინის დიდი შემცველიც რომაა, ესაც ცხადია. ეს დიეტა არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ჯანმრთელი ადამიანიც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან კოფეინის გადაჭარბებული დოზა ცუდად მოქმედებს გულის მუშაობაზე და იწვევს უძილობას.
დიეტა ნახშირწყლების გარეშე, ცილების გარეშე, ცხიმების გარეშე.
უკვე ნათელია, რომ ამ დიეტებს თუ დაიცავთ, ვერ მიიღებთ ბევრ საჭირო და სასარგებლო ნივთიერებას, რის შედეგადაც აუცილებლად დაირღვევა ნივთიერებათა ცვლა და შესაბამისად აირევა ჰორმონები.
მარგარეტ ტეტჩერის დიეტა.
ცნობილია, რომ პრემიერმინისტრი ამ დიეტის დროს კვირაში 28 კვერცხს მიირთმევდა. შედეგად `რკინის ლედი~ შესამჩნევად იკლებდა წონაში, თუმცა სისხლში ქოლესტერინის დონესაც მკვეთრად მაღლა წევდა. ერთი სიტყვით, ასეთი ცილოვანი დიეტა ერთ-ერთი ყველაზე საშიშთაგანია დიეტებს შორის.
მაშინ როგორ დავიკლოთ?
გაგიჩნდებათ ბუნებრივი კითხვა. ამისათვის სულაც არ არის თვითმკვლელობა საჭირო: შეამცირეთ კალორიული საკვების მიღება, გაზარდეთ ფიზიკური დატვირთვა, უარი თქვით გვიან ვახშამზე და ყოველდღიურად სვით დიდი რაოდენობით სუფთა წყალი. თუ ამ წესით იცხოვრებთ, რამდენიმე კვირაში შედეგი სასწორზე აუცილებლად აისახება.
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)