ამერიკელმა მეცნიერებმა ცივილიზებული ადამიანების პრობლემათა ათეულში პირველი ორი ადგილი დეპრესიასა და უძილობას მიუჩინეს. სადავო არ არის, რომ დეპრესია ხშირად იწვევს უძილობას და პირიქით - უძილობამ შესაძლოა ადამიანი დეპრესიამდე და მწვავე ნევროზამდეც კი მიიყვანოს
სპეციალისტთა აზრით, უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, პირველ რიგში - ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, უარყოფითი ინფორმაცია თუ სხვ.
უძილობა ასევე ვითარდება ნევროზის, ფსიქოზის, ტვინის ორგანული დაავადების (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადებისას, აგრეთვე, ისეთი სომატური დაავადების შემთხვევაში, როდესაც რამე გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის ძილში დროულ ჩართვას.
მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ადამიანს არ აწუხებს, უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაღლამ, ძლიერმა განცდამ.
რაც შეეხება დეპრესიას, სპეციალისტთა აზრით, მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. მის განვითარებაშიც დიდ როლ თამაშობს გადატანილი სტრესი, ყოფითი პრობლემები, მონოტონური დღის რეჟიმი. ამ დაავადებას, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოვლინდა, მეცნიერები XXI საუკუნის სენად მიიჩნევენ.
მის მთავარ მიზეზს კი ტექნოლოგიების განვითარებაში ხედავენ. რა შუაშია აქ ტექნოლოგიები? სწორედ მათი წყალობით დაშორდნენ ადამიანები ერთმანეთს, სოციალურმა ქსელებმა მათ ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი გაუნელა, კარჩაკეტილმა ცხოვრებამ კი ადამიანი ისე დააშორა ბუნებას, რომ ოთახის მცენარეების მოვლასაც კი თავს არიდებს.
მეცნიერები გამოსავალს ადამიანების ერთმანეთთან, ბუნებასთან სიახლოვესა და სოციალურ ქსელებთან დაშორებაში ხედავენ. მცენარეების მოვლა, თუნდაც საკუთარი ხელით ბოსტნეულის მოყვანა, თქვენს დეპრესიას წარსულში დატოვებს და უძილობაც აღარ შეგაწუხებთ.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)