პროფილაქტიკა საუკეთესო დაცვაა, ამიტომ:
ხშირად დაიბანეთ ხელები. ენტეროვირუსი ძალიან გავრცელებულია ზაფხულის პერიოდში და მისგან დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად დავიბანოთ ხელები და კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული.
მიირთვით დიდი რაოდენობით კენკრა! ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი, მოცვი - სასარგებლო ვიტამინების ნამდვილი საბადოა. ისინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან და სიცხის შედეგად დაქვეითებულ იმუნიტეტს აძლიერებს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე! ზაფხულში ორგანიზმი იფიტება ჭარბი ოფლიანობის შედეგად, მაგრამ გამოსავალი არსებობს - დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი, რაც ორგანიზმს ძალების აღდგენაში დაეხმარება.
სახიფათო კონდიციონერი... ოთახის და ჰაერის ტემპერატურას შორის ოპტიმალური სხვაობა 10 გრადუსია. ძლიერ პაპანაქებაშიც კი ნუ დააპროგრამებთ კონდიციონერს 18 გრადუსზე ნაკლებ რეჟიმზე.
ნუ გადააცივებთ ორგანიზმს! გაუსაძლის სიცხეში ცდილობთ ნებისმიერი ხერხით გაგრილებას? არ არის რეკომენდებული ყინულიანი და ძალიან ცივი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე, ცივი წყლით სავსე აუზში საათობით ცურვა და ბანაობა. გარდა იმისა, რომ შეიძლება ავად გახდეთ, ორგანიზმის გადაცივება იმუნიტეტის დაქვეითებასაც იწვევს.
ზამთრის პერიოდისგან განსხვავებით, ზაფხულში გრიპი და გაციება ბევრად უფრო იშვიათია და უფრო მსუბუქადაც მიმდინარეობს, თუმცა მისი სრული იგნორირება მაინც არ შეიძლება. მოერიდეთ ორპირ ქარს და მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები.
ორგანიზმის გაკაჟება დაიწყეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. სხეული ნელ-ნელა შეაჩვიეთ ცივ წყალს, რაც მომავალში თავიდან აგაცილებთ ხშირად გაციებას.