ოსტეოპოროზი იმდენად ასუსტებს ძვლებს, ზოგადად, ძვლოვან სისტემას, რომ უმნიშვნელო ტრავმაც კი შეიძლება მოტეხილობით დასრულდეს.
ამ დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზი - ჰორმონული დარღვევა და ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაა. ის ქალებს უფრო ემუქრება, ვიდრე მამაკაცებს.
- რატომ ძირითადად ქალებს?
იმიტომ, რომ ბუნებამ ქალებს უფრო თხელი ძვლები არგუნა. მეორეც, უდიდეს როლს ასრულებს ქალის ჰორმონები-ესტროგენები. მენოპაუზის დადგომამდე ისინი მონაწილეობენ ძვლების ფორმირებაში. მას შემდეგ, რაც ესტროგენები აღარ გამოიყოფა, ძვლები მნიშვნელოვნად კარგავს კალციუმს.
როგორ გაიგოთ, გემუქრებათ თუ არა ოსტეოპოროზი?
ჩაიტარეთ დენსიტომეტრია. ეს გამოკვლევა დაგეხმარებათ, მაღალი სიზუსტით განსაზღვროთ ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივე და ამგვარად აღმოაჩინოთ დაავადება ნაადრევ სტადიაზე.
რა უწყობს ხელს ამ დაავადების განვითარებას?
რისკის შემცველი ფაქტორებია: თამბაქოს მოწევა, უმოძრაო ცხოვრების წესი, მუდმივად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, რაციონში ხორცისა და რძის პროდუქტის ნაკლებობა. დიდ როლს თამაშობს გენეტიკაც. განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ, თუ თქვენი უახლოესი ნათესავები ხშირად ხდებოდნენ მოტეხილობის "მსხვერპლნი".
ძირითადი ნიშნები:
დაავადების ძირითადი ნიშნებია ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და სიმაღლეში კლება. ეს ხდება ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითების გამო, რასაც შედეგად მალების შეკუმშვაც ახლავს. შეიძლება სიმპტომებად ჩაითვალოს (ძირითადად ღამის საათებში) კრუნჩხვები ტერფებსა და წვივებში, სახრების და წელის ტკივილი. დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ღრძილების დაავადება, სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები და ტაქიკარდია. და კიდევ ერთი: თუ უმნიშვნელო სიმაღლიდან დაცემის შედეგად ფეხი ან ხელი მოიტეხეთ, ეს საგანგაშო სიმპტომია.
ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება
წამალი ოსტეოპოროზის განკურნებისთვის არ არსებობს და პროცესები, რომლებიც ამ დაავადების ფონზე მიმდინარეობს, - შეუქცევადია. ექიმებს მხოლოდ მისი განვითარების შეჩერება ძალუძთ. ამისათვის საჭიროა ხანგრძლივად მიიღოთ ის პრეპარატები, რომლებიც "ამოქოლავენ", ამოავსებენ ფოსოებს, რომლებიც ძვლების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მკურნალობა მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დანიშნოს! ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, ოსტეოპოროზის "შეჩერება" საწყის სტადიაზე უფრო ადვილია. ამიტომ გაიმაგრეთ ძვლები, რათა მომავალში პრობლემები არ შეგექმნათ!
მიიღეთ დიდი რაოდენობით კალციუმის შემცველი პროდუქტი
მთავარი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღებაა - არანაკლებ 1000 მგ დღეში. კალციუმის შემცველი პროდუქტებია:
რძე, ხაჭო, მაგარი ყველი, თევზი, ლობიო, ჩირი, თხილი, შვრია, წიწიბურა, კომბოსტო, ნიახური, ზეთისხილი... და, რა თქმა უნდა, არ ღირს კალციუმის შემცველი პრეპარატების უგულებელყოფა!