საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვის სარძევე კბილებს მოვლა არ სჭირდება და არც ისეთ ჩვევებს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც თითის ან მატყუარას ხანგრძლივი წოვა, ხვრინვა, სარძევე კბილების არასწორი თანკბილვა ან ნაადრევი ამოღებაა.
თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, კბილებსა და ზოგადად, პირის ღრუზე ზრუნვის დაწყება ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს. შედეგად კი, მრავალი პრობლემის თავიდან არიდება მოხდება.
გაგაცნობთ 10 საინტერესო და საყურადღებო ფაქტს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს მოუწესრიგებლობამ:
• ბავშვების 85%-ს არასწორად განლაგებული კბილები აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ეს პრობლემები ყლაპვისა და სუნთქვის ფუნქციების დარღვევის გამოა გამოწვეული. მაგალითისთვის, არასწორი ყლაპვის დროს ფერხდება ქვედა ყბის ზრდაში განვითარება, რის გამოც ვიღებთ თანკბილვის ანომალიასა და განუვითარებელ სახეს. ეს კი მომავალში პრობლემებს უქმნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს. ქვედა ყბის განუვითარებლობა ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკ-ფაქტორიცაა.
• არასწორმა თანკბილვამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაავადებები. პრობლემურ კბილებს უჭირთ საკვების სწორად დამუშავება, რაც მისი მონელების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, არასწორმა თანკბილვამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადებები, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, პანკრეატიტი და სხვა.
• ბავშვებში თანკბილვის თავისებურებები ხშირად ხვრინვას იწვევს. ეს ჰორიზონტალური განლაგებითაა გამოწვეული, რაც ადამიანის ორგანიზმში ჰაერის მიწოდებას ზღუდავს. ამ დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება, ენა ვიბრირებს და ისმის ე.წ. ხვრინვის ხმა. ხვრინვამ კი შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირული ძილი, ოფლიანობა, გახშირებული ღამის შარდვა, დილაობით თავის ტკივილი და მოთენთილობა, გაღიზიანებადობა, მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება.
• ექიმები აღნიშნავენ, რომ მატყუარას წოვა აუცილებელია ქვედა ყბის კარგი ზრდა-განვითარებისათვის. ბავშვების ნაწილი კი მატყუარას თითის წოვას ამჯობინებს. თუმცა თითის ან მატყუარას გახანგრძლივებულმა მოხმარებამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს ყბებისა და კბილების ზრდა-განვითარებაზე. ეს გამოიხატება ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციით. მატყუარას მრგვალი ყელი ხელს უშლის ცენტრალური საჭრელი კბილების შეხებას. ამ მიზერულ, მაგრამ მუდმივ ზეწოლას შეუძლია ღია თანკბილვამდე მიგვიყვანოს, ასევე, გამოიწვიოს ქვედა ყბის ზრდის შეჩერება.
• არასწორმა თანკბილვამ შეიძლება გამოიწვიოს ყელ-ყურის ორგანოების რიგი დაავადებები, გახშირებული მწვავე რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები, ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი.
• არასწორმა თანკბილვამ შეიძლება საუბრის და მიმიკის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.
• სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვად ითვლება, როდესაც მუდმივი კბილის ამოსვლამდე 1 წელზე მეტია დარჩენილი. თუკი ბავშვმა კბილი დროზე ადრე დაკარგა, მისი “მეზობელი” კბილები ცარიელი ადგილის დაკავებას ცდილობენ. შედეგად, მუდმივი კბილები ამოდის ქაოტურად, რაც მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას. კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია ყბის განვითარების ტემპის დაკლება, რაც ასევე იწვევს კბილთა რკალის დეფორმაციას. კბილებს არ ჰყოფნით ადგილი და ამოდიან ერთმანეთზე “გადამჯდარები”. ამიტომ სარძევე კბილის ექსტრაქცია – არის პროცედურა, რომელსაც გამოცდილი სტომატოლოგები ატარებენ ძალზე იშვიათად. თუ არ უმკურნალებთ სარძევე კბილს დროულად, იგი შეიძლება გართულდეს და დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი.
• პირით სუნთქვისას ბავშვებში გარდაუვალია სახის ძვლების განუვითარებლობა, სახის პროპორციების დარღვევა და დეფორმაციები, რაც გარეგნულად ვლინდება თანკბილვის ანომალიით და კბილთა მჭიდრო დგომით. ასეთი ბავშვები ცხვირში ლაპარაკობენ. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა ხდებოდეს ცხვირის სასუნთქი გზების გავლით, სადაც ჰაერი იფილტრება და თბება. პირით სუნთქვას იწვევს ადენოიდებიც. პირით სუნთქვისას კი ორგანიზმი საჭირო ჟანგბადის მხოლოდ 15%-ს ითვისებს და მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას. ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ცივდებიან.
• არასწორ თანკბილვას ადრეული ასაკიდანვე უნდა ვებრძოლოთ. ამის კარგი საშუალებაა მიობრეისი, რომლითაც კბილების გასწორება ბუნებრივი გზით ხდება. მისი საშუალებით ვებრძვით პრობლემის გამომწვევ მიზეზს და არა მხოლოდ მისგან გამოწვეულ შედეგს. ხშირ შემთხვევაში (80%-ში) თანკბილვის ანომალია და კბილთა მჭიდრო დგომა გამოწვეულია კუნთების არასწორი ფუნქციით. ესენია არასწორი ყლაპვა და პირით სუნთქვა. ამ პრობლემების გამო ირღვევა კუნთების წონასწორობა. შედეგად, ირღვევა როგორც კბილთა დგომა, ასევე ყბა-სახის ნორმალური ზრდა. ბრეკეტ-სისტემით გასწორების შემთხვევაში, თუკი კუნთების ფუნქცია მოუწესრიგებელი დარჩა, ხშირია რეციდივი, ანუ კბილები უბრუნდება საწყის მდებარეობას. მიობრესის შემთხვევაში კი შედეგი უფრო სტაბილურია. არასწორად განლაგებული კბილები ან თანწყობის ანომალია ჯობია მოვაგვაროთ იმ ასაკამდე, ვიდრე ზრდასა და ჩამოყალიბებას დაასრულებს. იდეალურია, თუ ამას 12-13 წლამდე მოვასწრებთ.
• მიობრეისი ბრეკეტებისგან რამდენიმე ძირითად საკითხში განსხვავდება. მიობრეისის გამოყენებისას მარტივია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რაც საკმაოდ რთულია ბრეკეტების დროს. თუ პაციენტი არ იცავს სწორად ჰიგიენას, ბრეკეტის ფონზე ბავშვებში ხშირად ვითარდება მრავლობითი კარიესი, თეთრი ლაქები კბილებზე, ღრძილების ანთება. მიობრეისი არის სრულიად უმტკივნეულო. მას არც კვებასთან დაკავშირებული აკრძალვები გააჩნია. ბრეკეტების შემთხვევაში იკრძალება მოკბეჩა და მაგარი საკვები. არ მოითხოვს შედეგის შენარჩუნების ფაზას. ბრეკეტების შედეგის შენარჩუნების ფაზა მინიმუმ მკურნალობის ვადაზე ორჯერ მეტია. თუმცა, თუკი კუნთების ფუნქცია არ არის გამოსწორებული, შენარჩუნებაზე მთელი ცხოვრება უწევს ზრუნვა.