როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსი გავლენას ახდენს არა მხოლოდ შინაგან ჯანმრთელობაზე, არამედ ადამიანის გარეგნობაზეც. კოსმეტოლოგები აქტიურად გასცემენ რჩევებს და კოვიდგადატანილ პაციენტებს ასწავლიან, როგორ მოუარონ თმასა და კანს.
ცხოვრება კოვიდის შემდეგ
გამოჯანმრთელებულ ადამიანებს რეაბილიტაცია სჭირდებათ: დაავადება არა მხოლოდ "ურტყამს" სხეულის შინაგან ორგანოებსა და სისტემებს, არამედ, სამწუხაროდ, შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს გარეგნობაზე. სოციალურ ქსელში ქალები ხშირად საუბრობენ იმ შედეგებზე, რაც მათ ამ ვირუსმა დაუტოვა - ფერმრთალი კანი, სიმშრალე, გაუწყლოება, გამონაყარი, თმის ცვენა და სხვ. სქელი, მოვლილი თმა და სუფთა კანი არამხოლოდ მიმზიდველობის გარანტიაა, არამედ ჯანმრთელობის ნიშანიცაა. სწორედ ამიტომ აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ვირუსი ყველა ადამიანზე განსხვავებულად ზემოქმედებს და, შესაბამისად, შედეგებიც განსხვავებულია, თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პრევენცია ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
დერმატოლოგი ჯულია გალიამოვა აღნიშნავს, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს კანის სიჭრელე და გამონაყარი აღენიშნება. სისხლჩაქცევების მსგავსი დაზიანებები სისხლის კოაგულაციის სისტემის დარღვევასთან ასოცირდება. ამასთან, ყველაზე ხშირად შეინიშნება კანის სიმშრალე და დეჰიდრატაცია, თუმცა ჯულია გალიამოვა აღნიშნავს იმასაც, რომ ასეთი გამოვლინება შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერი ხანგრძლივი დაავადების შემდეგ, როდესაც ადამიანი წყვეტს ფიზიკურ დატვირთვას, კარგავს დიდხანს მზესა და სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობას, ხოლო სხეული იძულებული ხდება, ებრძოლოს ინფექციასა და ანთებით პროცესებს.
ბევრად უფრო უსიამოვნო პროცესია თმის ცვენა, რაც უამრავ პაციენტს აწუხებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ექპერტები ასეთ შემთხვევაში პაციენტებს აიმედებენ და ამბობენ, რომ თმა ისევ გაიზრდება, უბრალოდ ამას ცოტა დრო და მოთმინება სჭირდება. თმის ცვენის მთავარ მიზეზად ექიმები სხეულის მაღალ ტემპერატურასა და ფსიქო-ემოციურ სტრესს უკავშირებენ.
როგორ ვუშველოთ კანსა და თმას
როგორც აღვნიშნეთ, ექპერტები აღნიშნავენ, რომ თმის ცვენის შესახებ დარდი არ ღირს, რადგან ის დროთა განმავლობაში გაიზრდება და ძველებურ ფორმას დაიბრუნებს, თუმცა, თუ თმის ცვენა თქვენთვის განსაკუთრებულ დისკომფორტთან ასოცირდება, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელიც, თქვენი ანამნეზის შესაბამისად, დაგინიშნავთ საჭირო მედიკამენტებს და გირჩევთ შესაბამის შამპუნს. თქვენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაძლოა, ვიტამინებისა და დანამატების მიღებაც მოგიწიოთ, თუმცა მოერიდეთ თვითმკურნალობას.
კორონავირუსმა, შესაძლოა, ალერგიული პროცესებისა და დერმატოლოგიური პრობლემების პროვოცირებაც გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, დერმატოლოგები გირჩევენ, სიფრთხილით გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ კვებას. ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება დაგეხმარებათ, ხელი შეუწყოთ სხვადასხვა ალერგიასა თუ გამონაყართან ბრძოლას.