მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ყოველთვის უზიარებს და მოსაზრებას სხვადასხვა საკითხზეც ხშირად გამოთქვამს.
ია ფარულავა განსაკუთრებით ხშირად საუბრობს კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ და გამომწერებსაც მოუწოდებს აცრისკენ: „რატომ ხარ სახლშიო, მეკითხებიან. სად წავიდე, თორემ, კი. სტუმრად? - არ მინდა. სალონში? - ვყოყმანობ... ქუჩაში სეირნობა შეიძლება. გუშინ უნდა მივსულიყავი ერთ ადამიანთან და რატომღაც არ მივედი. დღეს დამირეკა და მითხრა, კოვიდი მაქვსო. რა ვქნათ?! გახსოვთ, სულ პირველი „ლოკდაუნი“ რომ იყო მარტში? ყველაფერი დაკეტილი რომ იყო და სახლიდან ვერ გავდიოდით. სინამდვილეში, ჩვენ ახლა უნდა ვცხოვრობდეთ იმ რეალობაში. ერთი გოგონა მწერს, ია, საზღვარგარეთ არ მიდიხარ დასასვენებლადო? საზღვარგარეთ კი არა, სვანეთში არ წავედი, თვითმფრინავის ბილეთები გავაუქმე და ჩემს სასტუმროში არ მივდივარ, იმიტომ, რომ ათმა თანამშრომელმა უარი განაცხადა აცრაზე. გაბრაზებული და გაოგნებული ვარ. ავად ყოფნის კი არ მეშინია, აქამდე მოვედი და არ მინდა, რომ კოვიდი შემხვდეს. ოთხი დღე დამრჩა მეორე აცრამდე. ვითომ ისევ მარტის „ლოკდაუნია“, ისე უნდა ვიცხოვროთ. ვითომ ვისწავლეთ ბრძოლა, მაშინ არაფერი ვიცოდით, არც აცრა იყო, არც ტესტები. დღეს, როცა მსოფლიომ ვირუსის მართვა ისწავლა, საქართველოში ასეთი მდგომარეობა უნდა იყოს?!“ - ამბობს ია ფარულავა ვიდეოში.