ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. სტატისტიკის თანახმად, ძუძუს კიბო შეიძლება ყოველ მეათე ქალს გამოუვლინდეს. ამ დაავადების სიხშირე განსაკუთრებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაიზარდა.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვედ ითვლება, რის გამოც „ვარდისფერ თვედ“ მოიხსენიებენ. თითქმის მთელი მსოფლის მასშტაბით, სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ, შეიტანონ საკუთარი წვლილი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში და გამოხატონ მხარდაჭერა.
სამწუხაროდ, ძუძუს კიბო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ-ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები აღარ წარმოადგენენ.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში, 70-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთვება კომპანია Avon-ი, რომ თავისი პოზიტიური გავლენა იქონიოს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანიის საქველმოქმედო „ვარდისფერი ლენტის“ ფონდის თანხები სრულად ხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის დაფინანსებასა და ქალების მხარდაჭერას.
2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის. თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.
სად და როგორ უნდა მიიღოთ ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგის და რადიოლოგის მომსახურება უფასოდ
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას. ამ კამპანიის მიზანია, ძუძუს კიბოს სკრინინგი გახდეს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში კონკრეტულად იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.