ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19 სხვადასხვა ადამიანში არა მხოლოდ განსხვავებული სიმპტომებით, არამედ განსხვავებული ხანგრძლივობითაც ვლინდება. თუ ერთ პაციენტს სჭირდება რამდენიმე კვირა სრულად გამოჯანმრთელებისთვის, მეორეს აქვს უსიამოვნო და ზოგჯერ მტკივნეული სიმპტომები რამდენიმე თვის განმავლობაში. მაგალითად, 47 წლის ამერიკელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით 2020 წლის გაზაფხულზე დაავადდა, ვირუსი საბოლოოდ სულ რამდენიმე დღის წინ დაამარცხა. მისი შემთხვევა რეკორდი გახდა - ის პირველია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში კორონავირუსს ებრძოდა. მანამდე ეს რეკორდი 72 წლის დეივ ბრისტოლ სმიტს ეკუთვნოდა, რომელსაც ვირუსი 290 დღის განმავლობაში ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში მამაკაცს 42 PCR ტესტის გავლა მოუწია - ყველა დადებითი იყო. გამწვავებისა და გართულებების გამო შვიდჯერ მოათავსეს საავადმყოფოში. საბოლოოდ, ექიმებმა ის ანტისხეულებზე დაფუძნებული ინოვაციური ანტიკორონავირუსული პრეპარატის ტესტერების ჯგუფში შეიყვანეს. მედიკამენტის მიღებიდან უკვე 45 დღის შემდეგ PCR ტესტმა საბოლოოდ აჩვენა უარყოფითი შედეგი.
47 წლის ქალი კორონავირუსით მაშინ დაავადდა, როცა პანდემია ჯერ კიდევ იწყებოდა. ის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ გაწერეს, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ არ იყო. მას ჟანგბადის ნიღბის გამოყენება, ფაქტობრივად, ყოველდღე უწევდა. ექიმებმა PCR ტესტის რამდენიმე დადებითი შედეგი მიაწერეს იმ ფაქტს, რომ ქალს უბრალოდ ჰქონდა ვირუსის მცირე ნაწილაკები სხეულში. ანალიზებმა კი აჩვენა, რომ ინფიცირების დონე სულ უფრო იზრდებოდა. სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ ქალის ორგანიზმი კიბოსგან ისედაც დასუსტებული იყო. ექიმები თვლიან, რომ სწორედ კიბო გახდა ვირუსის ასეთი გახანგრძლივების მიზეზი. COVID-19-ით დაინფიცირებამდე ცოტა ხნით ადრე პაციენტმა წარმატებით დაასრულა კიბოს მკურნალობის კურსი და მის ორგანიზმში მცირე რაოდენობით იყო ის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ანტისხეულების წარმოქმნაზე. ის ავადმყოფობის დროს ორჯერ მოათავსეს ჰოსპიტალში, ვალდებული იყო, მუდამ თან ჰქონოდა ჟანგბადის ნიღაბი და ექიმის დანიშნულების გარეშე წამალი არ მიეღო, თუმცა ამ მდგომარეობას თავი დააღწია და, საბოლოოდ, გამოჯანმრთელება მოახერხა.