ყველამ იცის, რომ ნებისმიერი ავადმყოფობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი დასვენება. ექიმები აღნიშნავენ, რომ ძილის საჭირო საათების რაოდენობა, ძირითადად, დამოკიდებულია პაციენტის გენეტიკაზე.
მსოფლიო ახლა კორონავირუსული ინფექციის ოთხმაგი ტალღის შუაგულშია. ყველა ასაკის ადამიანი მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ და მხოლოდ ვაქცინაცია დაგეხმარებათ ვირუსთან მარტივად გამკლავებაში. მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ არა იმდენად ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებას, არამედ დასვენებას და კვებას (თუნდაც არ იგრძნოთ გემო და სუნი). ექიმების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რაციონში ხილის, კენკრის, ბოსტნეულის და თევზის დამატება.
ასევე აუცილებელია გარკვეული ხნით დაივიწყოთ საკვები, რომელიც ხელს უშლის მშვიდ ძილს. ავადმყოფობის პერიოდში რეკომენდებულია ყავაზე უარის თქმა და ტკბილეულისა და მარილიანის მინიმუმამდე დაყვანა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმა საშუალოდ, დაახლოებით, ორ კვირას გრძელდება. დაავადების მძიმე და კრიტიკულ ფორმებს შეიძლება რამდენიმე თვემდე დასჭირდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმი გაუჩერებლად ებრძვის ინფექციას, რისთვისაც მას დიდი ძალა სჭირდება. ძალების აღდგენისთვის კი საკმარისი ძილი აუცილებელია.
კოვიდით ინფიცირებული პაციენტები თითქმის ყოველთვის უჩივიან დაღლილობას და უძილობას. ექიმები თვლიან, რომ ეს გამოწვეულია გაზრდილი შფოთვით, რომელიც წარმოიქმნება მძიმე შემთხვევებისა და COVID-19-ით გარდაცვალების ამბების ფონზე.
„უძილობის სიხშირე ნამდვილად საგრძნობლად გაიზარდა. კორონავირუსი თავისთავად არის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და უძილობა. დებატები იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა კორონავირუსი ძილზე, ჯერ კიდევ გრძელდება...“ - განაცხადა სომნოლოგმა.
ასევე ითვლება, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე სახის პრობლემები დაძინებასთან დაკავშირებით (მაგალითად, ხვრინვა ან აპნოე - სუნთქვის გაჩერება ძილის დროს), სჭირდებათ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
რამდენიმე კარგი ჩვევა დაგეხმარებათ ძილის დარღვევის საგრძნობლად გაუმჯობესებაში: საძინებელში გრილი ტემპერატურის შექმნა, ფიზიკური აქტივობა და ძილის წინ კვებაზე უარის თქმა...
„ძილის დროს ყალიბდება იმუნიტეტი. ამიტომ, თუ ადამიანს ქრონიკული უძილობა აქვს, ეს აფერხებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. საშუალოდ ითვლება, რომ საჭიროა 8 საათის განმავლობაში ძილი. ძილის ერთი ციკლი საათ-ნახევარს გრძელდება, ღამეში ხუთი ციკლი კი ნორმად ითვლება. ეს საშუალო მონაცემია და შეიძლება, ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად, ექვსი ციკლი სჭირდებოდეს”- განმარტა ვლადიმერ კოვალზონმა.
ექსპერტმა დასძინა, რომ ეს გამოწვეულია გენეტიკური ფაქტორებით და ყველას შეუძლია საკუთარი თავის შესწავლა დროთა განმავლობაში დაკვირვებით.