კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოება ვირუსის ახალი შტამების და, შესაბამისად, ახალი საფრთხის წინაშე დადგა. ამჯერად საზოგადოებას კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ შტამთან მოუწევს გამკლავება.
კორონავირუსის ე.წ სამხრეთაფრიკული ვარიანტი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და "ომიკრონი“ უწოდა. ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა, იაპონიამ და ისრაელმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.
ახალმა შტამმა, გამოჩენისთანავე, მძიმე შეფასებები მიიღო, თუმცა, უახლესი ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები არ არის მძიმე.
პროფესორ ადამ ფინის განცხადებით, რომელიც იმუნიზაციისა და ვაქცინაციის დამოუკიდებელი კომიტეტის წევრია, "ომიკრონით" დაინფიცირებისას გემოსა და ყნოსვის დაკარგვის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. პაციენტები უმეტესად დაღლილობას და გულის აჩქარებას უჩივიან, თუმცა, როგორც პროფესორი აცხადებს, წინასწარ რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რთული და ნაადრევია, რადგან შტამს ჯერ კიდევ იკვლევენ.
როგორც სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, ახალი და უცნაური სიმპტომები პაციენტებში მან ჯერ კიდევ 18 ნოემბერს აღმოაჩინა. ეს ახალი სიმპტომები "დელტა“ შტამის სიმპტომებისგან განსხვავდებოდა:
"ყველაფერი 33 წლის პაციენტთან დაიწყო. მან მითხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულ სისუსტეს გრძნობს, სტკივა სხეული, განსაკუთრებით კი - თავი“, - განაცხადა ანჟელიკა კეტზიმ.
როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს ყელში უსიამოვნო შეგრძნება აწუხებდა, თუმცა არ ახველებდა, არ დაუკარგავს არც ყნოსვა და არც გემო. მისი განცხადებით, "ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა სიმპტომები ძალიან მსუბუქია.
გააგრძელეთ კითხვა