კორონავირუსი ყველა ადამიანზე მოქმედებს სხვადასხვა გზით: მაშინ, როცა ზოგიერთი ინფექციას ადვილად ან თუნდაც უსიმპტომოდ გადაიტანს, სხვები იძულებულნი არიან, გაიარონ ხანგრძლივი მკურნალობა და დიდი ხნის განმავლობაში აწუხებთ არაერთი პრობლემა.
ასე რომ, ექიმები განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას ურჩევენ ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებს. ახლა ისინიც რისკის ქვეშ არიან, რადგან ამ დაავადებამ შეიძლება თრომბოზის პროვოცირებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, არაერთ პაციენტს გაუჩნდა ვარიკოზული ვენების პრობლემა კორონავირუსის გადატანის შემდეგ.
როდესაც ჩვენს ორგანიზმში კორონავირუსი შედის, სისხლი სქელდება და თრომბები წარმოიქმნება, რაც იწვევს ვარიკოზული ვენების პროვოცირებას და შემდგომ განვითარებას. „თრომბოფლებიტი (დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა) შეიძლება დაიწყოს ქვედა კიდურზე, ბარძაყზე, ავიდეს უფრო მაღლა, იღლიაში... თრომბი იშლება და ხვდება გულში, ფილტვის არტერიაში და ეს ფატალურია. თანამედროვე მედიცინა შესაძლებელს ხდის ვარიკოზული ვენების მკურნალობას ნებისმიერ სტადიაზე და მნიშვნელოვანია მკურნალობის დროულად დაწყება“, - დეტალურად განმარტა ქირურგ-ფლებოლოგმა არმენ ავაკიანმა.
უკვე არსებული ვარიკოზული ვენების მატარებლებს ურჩევენ, დაავადების მკურნალობა დროულად დაიწყონ. პაციენტებს ენიშნებათ სპეციალური პრეპარატები - ანტიკოაგულანტები.
„კორონავირუსის შემდეგ მიზანშეწონილია თითქმის ყველა პაციენტმა დაიწყოს ანტიკოაგულანტული თერაპია – ორი კვირიდან ერთ თვემდე. ეს არის სისხლის გამათხელებელი პრეპარატები პროფილაქტიკური დოზებით: აბები ან ინიექციები, თუმცა არა თვითნებურად, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციები“, - ამბობს ავაკიანი.
ყველაზე ხშირად ვარიკოზული ვენები და თრომბოზი ვლინდება სისხლის სტაგნაციის გამო სერიოზული ტრავმის, გულის პრობლემების, კიბოს, სიმსუქნის ან უმოძრაო ცხოვრების წესის გამო. ექიმებს აქვთ რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან საშიში გართულების განვითარება: გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ რუტინას და კვებას (ვენებს სჭირდებათ E, C, PP ვიტამინებით მდიდარი საკვები). ეცადეთ, ნაკლებად იჯდეთ არასასიამოვნო პოზაში, იარეთ მეტი (იარეთ მინიმუმ ორმოცი წუთი დღეში) და ივარჯიშეთ.