დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ახალ შტამებზე (BA.4/ BA.5) საუბრობს და ამბობს, რომ ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აცრილა, უნდა აიცრას. ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ განსაკუთრებით ეფექტურია „ბუსტერ“ დოზა:
„ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას! ვინც ორჯერ არის აცრილი, „ბუსტერი" გაიკეთოს; ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია. ჩვენ გვაქვს - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი". რა თქმა უნდა, ვაქცინები ეფექტურია, განსაკუთრებით, „ბუსტერი“, - ამბობს გამყრელიძე.
„სასურველია, მოქალაქეებმა ამცრელ პუნქტებს მიმართონ. შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა ჩვენ მაღალი გვქონდა მარტში, როდესაც 85% იყო. ამიტომაც გადავიტანეთ მარტივად აპრილი, მაისი და ივნისის პირველი ნახევარი. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს. ალბათ ახლა იმუნური ფენა 85% აღარ გვექნება, შესაძლოა 60%-ის ქვემოთ ფარგლებში იყოს. საჭიროა მისი გაზრდა ვაქცინაციის გზით. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება და მაღალი იმუნური ფენით შევხვდებით, მით ნაკლები ალბათობა იქნება სხვა დიდი ტალღებისა", - აღნიშნავს ის.