ბრიტანელი ექიმის, მაიკლ მოსლის თქმით, კვირაში სამი ან მეტი დღის განმავლობაში მარტივმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს კიბოს განვითარების რისკი.
„დიდ ბრიტანეთში ყოველ მეორე ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში უვითარდება კიბო. კიბოს სამომავლო გავრცელების პერსპექტივა მაღალია, თუმცა მისი პრევენციის გზებიც არსებობს. კიბო, სტატისტიკურად, უფრო მეტად ასაკოვან ადამიანებს უვითარდებათ, მაგრამ ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევებით დგინდება, რომ სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, თირკმელების, ღვიძლისა და პანკრეასის კიბო 50 წლამდე ასაკის ადამიანებში უფრო გახშირდა.
მკვლევარები თვლიან, რომ ძილის ნაკლებობა, მოზარდთა უმოძრაო ცხოვრების წესი და არასწორი კვება, რაც თავის მხრივ იწვევს სიმსუქნეს, არის ამ ტენდენციის შესაძლო მიზეზები”, - განაცხადა ექიმმა. დოქტორი მოსლი საზოგადოებას მარტივ აქტივობას უზიარებს, რომელსაც შეუძლია კიბოს რისკი 38%-ით შეამციროს.
მისივე თქმით, კვირაში სამი ან მეტი დღის განმავლობაში მარტივი აქტივობა და ვარჯიში ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. მაიკლ მოსლის განმარტებით, ბრისტოლის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ, რომელშიც 131,000-ზე მეტი ქალი იყო ჩართული, აჩვენა, რომ კვირაში რამდენიმედღიანი მარტივი ფიზიკური დატვირთვა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 38%-ით ამცირებს.
„ვარჯიში გვიცავს ქრონიკული დაავადებებისგან და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას“, - განაცხადა ექიმმა მოსლიმ.