მენოპაუზა მართლაც გაახალგაზრდავებულია და არცთუ იშვიათია მენსტრუაციის შეწყვეტა ორმოც წლამდე. რა არის ამის მიზეზი და შესაძლებელია თუ არა მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილება, ამაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეან-გინეკოლოგი სოფია მელკომანი საუბრობს. რას უკავშირდება ადრეული მენოპაუზა? აქ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ჩართული, მემკვიდრეობითობიდან დაწყებული, სტრესით დამთავრებული, ასევე მიზეზია არასწორი კვება და ანტიდეპრესანტების მიღება.
მნიშვნელოვანია, რომ ქალები ადრე განსხვავებული რეჟიმით ცხოვრობენ, განსხვავებული იყო საკვები და გარემოც. დღეს გოგონები ოჯახს უფრო გვიან ასაკში ქმნიან და უფრო ნაკლებ შვილს აჩენენ, რაც ნიშნავს, რომ საკვერცხეების დატვირთვა შემცირებულია და მათი ფუნქციონირება კი გახანგრძლივებული. ამასთან, ქალები უფრო აქტიურად მოიხმარენ კონტრაცეპტივებს. თუ კონტრაცეპტიული პრეპარატი არასწორად არის შერჩეული ან მიღებული, მაშინ მას შეუძლია საკვერცხეების ბუნებრივი მუშაობა „დაახშოს“, რაც იწვევს ადრეულ მენოპაუზას. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როცა ადრეული მენოპაუზის დროს, სწორი მედიკამენტური მკურნალობით, ქალებმა მაინც მოახერხეს დაორსულება და შვილის გაჩენა. ასე რომ ადრეული მენოპაუზა ყოველთვის არ არის უნაყოფობის განაჩენი.
ძალიან ხშირად ნაადრევი მენოპაუზა ემართებათ ქალებს ანემიით, ანუ სისხლში დაბალი ჰემოგლობინით. ამიტომ რეგულარულად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი და აკონტროლეთ D ვიტამინის დონეც, რომლის დეფიციტი ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით მათში, ვინც ბევრს მუშაობს კომპიუტერის წინ. ასევე უარყოფითად მოქმედებს ისეთი მიკროელემენტების დისბალანსი, როგორებიცაა სპილენძი და თუთია. ენდოკრინულმა დარღვევებმა, რომლებიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლებთან, ფარისებრ ჯირკვალთან, ჰიპოფიზთან და ა.შ. შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მენოპაუზა. ეს ორგანოები გამოყოფენ ჰორმონებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საკვერცხეების მუშაობაზე. კიდევ ერთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს ძლიერი დატვირთვა. თუ ქალს უწევს დატვირთული შრომა, მის ორგანიზმში იზრდება ისეთი ჰორმონების რაოდენობა, როგორებიცაა ადრენალინი, ნორეპინეფრინი და ჰიდროკორტიზონი. ამის საპასუხოდ, ესტროგენის წარმოება ეცემა, რაც ასევე შეიძლება გახდეს ადრეული მენოპაუზის მიზეზი. ლიპიდები საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების წარმოებისთვის. ამიტომ, სულ უცხიმო საკვების მიღება საკვერცხეებისთვის სასარგებლო არ არის.
მოდური სიგამხდრე დღეს ადრეული მენოპაუზის კიდევ ერთი მიზეზია. ყველამ იცის, რომ ანორექსიით დაავადებულები მენსტრუაციას კარგავენ. ეს ხდება ცხიმოვანი ქსოვილის ნაკლებობის გამო. და თუ ორმოცი წლის შემდეგ ქალს აქვს წონის ნაკლებობა, ნაადრევი მენოპაუზის რისკი მაღალია. ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი რაციონი შეიცავს ომეგას, რომელიც გვხვდება თევზში, ზეითუნის და სელის ზეთებში, ავოკადოში და, რა თქმა უნდა, დიეტურ დანამატებში. პარკოსნები კვებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი შეიცავს ფიტოესტროგენებს - ჩვენი ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. მათი კონცენტრაციის რეკორდსმენი სოიაა. იაპონელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მცენარის კერძების დიდი რაოდენობით მიღების გამო ამომავალი მზის ქვეყანაში ქალები მენსტრუაციას უფრო გვიან წყვეტენ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ადგილებში. ეს ასაკი კი, დაახლოებით, 60 წელია.