მართალია, ჩვენ დიდად განებივრებულნი არ ვართ უხვთოვლიანი ზამთრით, მაგრამ წინასწარ არ ვიცით, რას გვიქადის წლევანდელი ზამთარი. შესაძლებელია, თოვლიც მოვიდეს და გზებიც მოიყინოს. ამიტომ მძღოლებს რამდენიმე რეკომენდაციას შევთავაზებთ.
სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით იმატებს ხოლმე ცივი ზამთრის პერიოდში. ბევრი მძღოლი ამ დროს მანქანას აჩერებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც უმანქანოდ გადაადგილება წარმოუდგენელია. მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები.
• დისტანცია: უნდა იყოს ჩვეულებრივზე 1.5-2-ჯერ მეტი. მოლიპულ გზაზე საგრძნობლად იზრდება ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი.
• გაბარიტები: თოვის დროს აუცილებელია მაქსიმალურად შესამჩნევი იყოთ გზაზე. ჩართეთ ნისლის საწინააღმდეგო და ავარიული ფარები.
• დამუხრუჭება ექსტრემალურ სიტუაციაში მაქსიმალურად წყვეტილი უნდა იყოს (ბოლომდე ნუ დაადგამთ სამუხრუჭე პედალს). მით უმეტეს, თუ მანქანას არ აქვს ე. წ. ABS სისტემა.
• გაქანება, ე. წ. რაზგონი დაგეხმარებათ დათოვლილი უბნის გადალახვაში, მაგრამ ამ მანევრის გაკეთებამდე ობიექტურად შეაფასეთ, ეყოფა თუ არა ავტომობილს ამის ძალა. ყოველი შემთხვევისათვის საბარგულში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იქონიეთ.
• წვეტებიანი რეზინი: წვეტებიანი საბურავები ძალზე ეფექტურია თოვლით გადაბარდნილი გზების მონაკვეთებზე, მაგრამ უთოვლო ასფალტზე "წვეტებიანი საბურავებით" უფრო ფრთხილად უნდა იაროთ, იმიტომ, რომ ავტომობილს 15%-ზე მეტი დრო სჭირდება დამუხრუჭებისათვის.
• საშიში მონაკვეთები: შუქნიშნებთან და ავტობუსების გაჩერებებთან, სადაც ხშირად ამუხრუჭებს ავტოტრანსპორტი, ასფალტი უფრო გაცვეთილია და მოგვაგონებს სასრიალო მოედანს.
• მძღოლები ხშირად ვერ ამჩნევენ ხოლმე ფეხით მოსიარულეებს. ისინი მოულოდნელად ჩნდებიან გზის სავალ ნაწილზე ბორდიურებზე შეგროვებული თოვლის ზვინების გამო. ამიტომ, თუ მანქანა მიგყავთ ბორდიურთან ახლოს, განსაკუთრებით ფხიზლად იყავით.