დასვენება, რომ აჯანსაღებს, ამის შესახებ ყველას მოეხსენება: მზისგან მიღებული ვიტამინის სარგებლიანობაზეც, განმტვირთავი შვებულების შესახებაც და ყველაფერ ამისგან მიღებული და დიდხანს შენარჩუნებული კარგ განწყობაზეც კარგად უწყით.
მაგრამ გიფიქრიათ ოდესმე, რომ დასვენებას მხოლოდ კარგი არ მოაქვს თქვენთვის? როგორც მედალს, შვებულებასაც ორი მხარე აქვს, ასე რომ, ჩვენი მიზანია - დასვენების პლუსებით ნასიამოვნებებმა, ახლა მის მინუსებსაც მივხედოთ და გავანეიტრალოთ.
საცოდავი ღვიძლი
ავტორიტეტულმა სამედიცინო კვლევებმა დაადგინა, რომ ყველაზე ცუდად ზაფხულის პერიოდში თავს ღვიძლი გრძნობს. საქმე ისაა, რომ თითქოს ჩვეულმა და ერთი შეხედვით უვნებელმა საკვებმა თუ სასმელმა ორგანიზმს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს.
ექსპერიმენტული დიეტების შედეგები
როცა შვებულება ახლოვდება, ყველას უნდა კარგად გამოიყურებოდეს, განსაკუთრებით მაშინ თუ ზღვისკენ გაგიწევიათ. ამიტომაც ამ დროს ბევრი ექსტრემალურ დიეტებს მიმართავს, რათა ეფექტი მალე მიიღოს. როცა ორგანიზმი წონაში სწრაფად იკლებს, ცხიმი ხვდება სისხლში და შემდეგ ღვიძლში.
ღვიძლის უჯრედებს არ შეუძლიათ დიდი რაოდენობის ცხიმის გადამუშავება, ამიტომაც იქვე გროვდება. შედეგად კი, თუ ასეთი დიატა დიდხანს გაგრძელდება, ღვიძლის მუშაობა სერიოზულად ფერხდება.
გასტრონომიული გადაჭარბება
თუ შვებულებამდე დიეტაზე ისხედით, დასვენების დასაწყისშივე სიტუაცია რადიკალურად იცვლება, რადგან გემრიელი საჭმელი სასიამოვნო დასვენების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. გემრიელი საკვები კი, საკმაოდ ცხიმიანია.
ცხიმი კი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაუძინებელი მტერია - ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ყველაფერ ამას ემატება დღის რეჟიმის დარღვევა, ღამის უძილობები და საქმე უარესდება.
ალკოჰოლი
ზაფხულში, როცა ყოველ დღე არ გიწევს საჭესთან ჯდომა, დილით სამსახურში წასვლა, შემდეგ უკან დაბრუნება, ბავშვის სკოლში წაყვანა-მოყვანა, შეგიძლია თავს უფლება მისცე და ცოტა დალიო. მაგრამ ზოგი ცოტას არ სჯერდება და ავიწყდება ან არ იცის, რომ ღვიძლი ორგანიზმის ფილტრია და გადაჭარბებულ ალკოჰოლს ვერ ინელებს...
მთავარი კითხვაა "რამდენი"? ბევრმა არ იცის, რომ ზრდასრული მამაკაცისთვის ალკოჰოლის უვნებელი დოზაა არა უმეტეს 24 გ ეთანოლისა დღეღამეში: ეს დაახლებით 60 მლ არაყი, 200 მლ ღვინო ან 500 მლ ლუდია. ქალებისთვის კი ორჯერ ნაკლებია დასაშვები - მხოლოდ 12 გ.
გარემო პირობები
სამწუხაროა, მაგრამ ზუსტად ზაფხულში იმატებს ის უარყოფითი გარეფაქტორები, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს. გარეფაქტორებში შედის რეპელენტების გამოყენება, რომლის გარეშეც ტყეში, აგარაკზე ან უბრალოდ საღამოს, ბუნებაში, კოცონთან ყოფნა შეუძლებელია.
რეპელენტები კოღოსა და სხვა მწერებისგან დასაცავი ეფექტური საშუალებებია, მაგრამ შხამებს, რომლებსაც ეს ნივთიერებები შეიცავს ორგანიზმიც შეითვისებს - კანიდან ის ჯერ სისხლში ხვდება, შემდეგ კი - ღვიძლში.
გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობა არც ისე შესაშურია. ერთი სიტყვით, ჩვენს ორგანიზმში უამრავი ტოქსინი ხვდება. ღვიძლი ცდილობს გაასუფთავოს ორგანიზმი იქ მოხვედრილი შხამებისგან, რის გამოც თავად იტანჯება და ინგრევა.
ნუ იფიქრებთ, რადგან არ გტკივათ, ყველაფერი წესრიგშია. გახსოვდეთ, ღვიძლი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გახსენებთ თავს.
გამოჯანმრთელების მეთოდები
ღვიძლის დაცვა ყოველივე ამის შემდეგ შეუცვლელი ფოსფოლიპიდებით შეგიძლიათ. ეს ნივთიერება მალამოდ ედება ღვიძლს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. რა პროდუქტები შეიცავს ამ უებარ ნივთიერებას? ყველაზე დიდი რაოდენობით ის ზეითუნის ზეთშია.
ასე რომ, თუ ჯერ კიდევ აპირებთ მოგზაურობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საბერძნეთი, ესპანეთი ან იტალია, არ დაგავიწყდეთ გამოაყოლოთ ხელს ადგილობრივი ზეითუნის ზეთი, რომ დაუნანებლად მოიხმაროთ ნებისმიერ საკვებში, განსაკუთრებით კი სალათებში.
მცენარეებიდან ფოსფოლიპიდებს შეიცავს – ლობიო და ბარდა. ასევე მდიდარია ამ ნივთიერებით მზესუმზირა, თხილი და ნიგოზი, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უკანასკნელები ძალზედ კალორიულებიცაა.
კვერცხი, ღვიძლი და ხორციც საკმაო რაოდენობით შეიცავს ამ ლიპიდებს, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ მასში მრავლადაა ქოლესტერინიც, რომლის გადაჭარბებული მიღებაც სისხლძარღვების პრობლემებს შეგიქმნით.
"მზით გათანგულები"
მეორე და დღეს ალბათ ყველაზე აქტუალური პრობლემა მზით დამწვრობაა. გარუჯვა ხომ საზაფხულო შვებულების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. კანის ხავერდოვანი-მოყავისფრო ელფერი ყველა ქალბატონის ოცნებაა - ეს განხორციელებული ოცნება კი მეტი არაფერია, თუ არა, ორგანიზმის რეაქცია ა ტიპის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რომელიც კანის ზედაპირზე აისახება.
გარუჯვის დროს მიმდინარეობს რეაციების გრძელი ჯაჭვი, რომელიც თვალით, რა თქმა უნდა, უხილავია: კანის უჯრედები ზიანდება, გაწითლებულ ადგილებს კი გარქოვანება ემუქრებათ ანუ კანის ელასტიურობა ქვეითდება, რაც მის გამოშრობასა და დაბერებას იწვევს.
მაგრამ თუ ეს გარეგანი პრობლემები კანის მოვლის სხვადასხვა მეთოდით ასე თუ ისე ადვილად ალაგდება, ბ ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან მიყენებული ზიანის გამოსწორება ასე მარტივი არ იქნება: სწორედ ეს სხივები აღწევს კანის სიღრმეში - დერმაში, აზიანებს მის უჯრედებს, პროვოცირებას უკეთებს საშიშ მუტაციებს, რაც ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკს ქმნის.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს:
1. თუ კანზე არსებული ხალი ზომაში გადიდდა, შეიცვალა ფორმა, ფერი, გექავებათ და სისხლმდენია.
2. მზით დაწვარი კანი თუ ისე მოიკუჭა, როგორც ხანშიშესული ადამიანის კანი, ფერი კი მოყვითალო-მოსერო გახდა, ყავისფერი პიგმენტური ლაქებით.
3. თუ ყელზე გაჩნდა ყვითელი ფერის ლაქები. ამას მზის ელასტაზს უწოდებენ.
4. თუ გარუჯვის შემდეგ კანზე შენიშნეთ თუნდაც 1 სმ-ის ზომის, უსწორმასწორო კონტრების მქონე გარქოვანებული მონაკვეთი. ამის გაჩენის მიზეზი კანის უჯრედების, კერატინოციტების დაზიანებაა, ამიტომაც ამ დაავადებას კერატოზი ჰქვია.
ასე რომ, ამ სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მაშინათვე მიმართეთ ექიმს და შეირგეთ შვებულება, რომ მთელი წელი ჯანმრთელად და ენერგიულად იგრძნოთ თავი.
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)