ბევრმა არ იცის, რომ სიმაღლეს შეუძლია, მეტად ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდოს ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, რადგან არსებობს განსაზღვრული კავშირი სხეულის ზომებსა და დაავადებების განვითარების შესაძლებლობას შორის.
ზოგი დაავადება ერთნაირად ემუქრება მაღალ და დაბალ ქალებს, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც განსაზღვრული სიმაღლის ქალბატონებს უფრო მეტად ეტანება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა ზოგიერთი დაავადების განვითარების ალბათობასა და სხეულის სიმაღლეს შორის კავშირის დასადგენად. ჩვენს მკითხველს სწორედ ამ კვლევის შედეგებს ვთავაზობთ. ვიმედოვნებთ, მონაცემები მათთვის საინტერესო აღმოჩნდება.
მინიატურულ ქალბატონებს
ნაკლებად ემუქრებათ კიბო
არსებობს ავთვისებიან სიმსივნეთა სახეობები, რომლებიც უმეტესად მაღალ ადამიანებთან გვხვდება, მათ შორის - მელანომა, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, მკერდისა და სწორი ნაწლავის კიბო. ეს ნიუიორკელი პროფესორის ექსპერიმენტის შედეგია. მისი აზრით, სიმსივნის ამ ტიპების განვითარების ალბათობა 177 სმ-ზე მაღალ ქალებთან 30-40%-ით მეტია, ვიდრე მათთან, ვისი სიმაღლეც 157-დან 160 სმ-მდე მერყეობს. მაღალ ქალებს შინაგანი ორგანოები დაბლებზე გაცილებით მსხვილი და დიდი ზომისა აქვთ. შესაბამისად, მათ ორგანიზმში მეტი უჯრედია, ამიტომ უჯრედული მუტაციების განვითარების რისკიც გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, შესაძლოა, ის ფაქტორები, რომლებიც ქალის სიმაღლეზე ახდენს გავლენას, სიმსივნური ახალწარმონაქმნების განვითარებასაც უწყობდეს ხელს.
ნაკლებად ემუქრებათ თრომბები
თუ ქალი 160 სმ-ზე დაბალია და, ამასთან, ნორმალური ან ნორმასთან მიახლოებული წონა აქვს, თრომბების განვითარების ალბათობა მაღლებზე სამჯერ ნაკლები ექნება - ეს უკვე ნორვეგიელ მკვლევართა დასკვნა გახლავთ. მაღალი ქალების სხეულში სისხლს მიმოქცევისას გაცილებით დიდი მანძილის გავლა უწევს, რაც სისხლის ნაკადს ასუსტებს და თრომბების წარმოქმნის ალბათობას ზრდის, რომლებიც, თავის მხრივ, ინსულტს უქადის ჩვენს ორგანიზმს. სიმაღლის შეცვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სამაგიეროდ, ადვილია რამდენიმე ჭარბი კილოგრამის დაკლება. დადგენილია, რომ წონის მოწესრიგება საგრძნობლად ამცირებს თრომბების გაჩენის რისკს.
დიდხანს ცოცხლობენ
ერთ-ერთი გენი, რომელიც ტანმორჩილ აღნაგობაზეა პასუხისმგებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს. გენური მუტაცია, რომელიც გავლენას ახდენს ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორის მუშაობაზე, იმავდროულად საგრძნობლად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. გაგრძელება