ნებისმიერი ორსულობა კვალს ტოვებს, მაგრამ ეს არაფერს წარმოადგენს იმ სიხარულთან, რასაც დედობის სიხარული ჰქვია.
როდესაც ქალს ორი და სამი შვილი ჰყავს, მისი წელი, მუცელი, მკერდი აღარ არის ძველებური ფორმის. ამის გამო წუხილი არ ღირს, შვილებს არაფერი შეედრება. რაც შეეხება სხეულის ცვლილებას, ამის გამოსასწორებლად ბევრი საშუალება არსებობს. მეტიც, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შეიძლება თქვენს სხეულს არც დაეტყოს ფეხმძიმობის კვალი. როგორ შეიძლება აიცილოთ ან მოიშოროთ "სტრიები", შეინარჩუნოთ მკერდის ფორმა, შეინარჩუნოთ ნორჩი სხეული - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე რჩევებს ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი, ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი გია გვარამია გვაძლევს.
- მშობიარობის შემდეგ "სტრიები" ბევრი ქალის პრობლემაა. შესაძლოა მათი თავიდან აცილება? რა უნდა გააკეთოს ორსულმა, "სტრიები" რომ არ გაუჩნდეს?
- "სტრიების" გაჩენას წონაში სწრაფი ზრდა იწვევს, კანქვეშა ცხიმის სწრაფი განვითარება... ერთი მომენტია, როდესაც გასუქებისგან ხდება კანის გაწელვა და მეორე, როდესაც მუცელი, საშვილოსნო იზრდება, ნაყოფი ყალიბდება და შესაბამისად, მუცლის კანი ისე სწრაფად ვერ იწელება. ამის გამო კანქვეშა ქსოვილებში ე.წ. ნახეთქები ჩნდება, რაც წარმოადგენს "სტრიას"... "სტრია" ხელზე, ძუძუზე და ბარძაყის ზედაპირზეც ვითარდება, როდესაც კანქვეშა ცხიმი იმ უბანში სწრაფად და ინტენსიურად ლაგდება.
"სტრია" მკურნალობას ადვილად არ ექვემდებარება... თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა. არსებობს სპეციალური კრემები, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის ზრდას და განვითარებას, რაც "სტრიების" გაჩენის თავიდან აცილებას ეხმარება... მუცელზე რომ არ გაჩნდეს "სტრიები", ამისთვის ხდება ამ კრემის გამოყენება. ბარძაყებზე, მკლავებსა და ძუძუზე "სტრიები" რომ არ განვითარდეს, ამისთვის საჭიროა წონის კონტროლი და ფიზიკური აქტივობა.
ზოგჯერ ისეც ხდება, სამშვილიანი დედებიც კარგ ფორმაში არიან, მკაცრად იცავენ წონის კონტროლს ორსულობის დროს, ფიზიკური აქტივობით გამოირჩევიან, მაგრამ რაც არ უნდა მოიმოქმედონ, "სტრიები" მაინც ვითარდება. არიან ქალბატონები, რომლებსაც "სტრიები" არ აქვთ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა. ეს დამოკიდებულია კანის განსაკუთრებულ ელასტიკურობაზე. ელასტიკური კანი ადვილად იწელება და აღიდგენს ძველ ფორმას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ნებისმიერი ორსულობა კვალს ტოვებს!
- საქართველოში არის "სტრიებისგან" გათავისუფლების რაიმე საშუალებები?
- გააჩნია, "სტრიები" რომელ ზონაშია... "სტრია" თითქმის არ ექვემდებარება მკურნალობას, მისი გაქრობა შეუძლებელია. შესაძლებელია შემცირდეს ზომაში, სიგანეში მოიკლოს... თუ მუცელზე არის დიდი რაოდენობით და ამავე დროს, მუცელი მოშვებულია, ამ დროს შესაძლოა კანის ნაწილი მოიკვეთოს და შესაბამისად, "სტრიებიც" შემცირდება... არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი: აპარატული კოსმეტოლოგია, მეზოთერაპია სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც "სტრიებს" ნაკლებად შესამჩნევს ხდის. გაგრძელება