თუ გსურთ, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეთ, აუცილებლად უნდა გაერკვეთ, თუ რა ტიპის სამოსი გიხდებათ ან რა არ უნდა ჩაიცვათ.
მხოლოდ დიდი დაკვირვებით და მონდომებით ჩამოაყალიბებთ თქვენს საბოლოო სტილს, რომელიც დაგეხმარებათ, თავი ამაყად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.
მართალია, გარკვეულ ასაკში სტილის შეცვლა ძნელია, მაგრამ თუ წონაში მომატებამ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემამ შეცვალა თქვენი აღნაგობა, ეცადეთ, კორექცია სამოსით მოახდინოთ.
გირჩევთ, სამოსს მხოლოდ მოდურობის გამო ნუ შეიძენთ. ძირითადი აქცენტი კლასიკურ მოდელებზე გააკეთეთ და მოდური ტრენდების ელემენტებით გაახალისეთ საბაზისო გარდერობი.
განვიხილოთ ქალბატონის აღნაგობის რამდენიმე ძირითადი ტიპი:
T– ტიპის აღნაგობას ამოტრიალებულ სამკუთხედსაც უწოდებენ. ასეთი აღნაგობის ქალბატონებს სწორი, კარგი ფეხები, ფართო მხრები და დიდი მკერდი აქვთ. მათ შემდეგი ტიპის სამოსი უნდა ატარონ:
- მოკლე ქვედაბოლოები ტუნიკას ტიპის ზედატანებთან ერთად.
- მაისურები V–ს ტიპის ამოჭრილი გულით, სწორხაზოვან, თავისუფალი თარგის შარვლებთან ერთად.
- მსუბუქი ქსოვილის ზედატანები წელთან მსუბუქი ნაოჭით და ფართო ქვედატანი.
- ერთ ღილზე შეკრული კარდიგანები თავისუფალი თარგის შარვლებთან ერთად.
- მთლიანი სადა კაბები ერთ ტონში, სასურველია A–სილუეტის მქონე.
- ფართო შარვლები და ღრმად ამოჭრილი ზედატანები.
- ბალანსისთვის ფერების შეხამება – აუცილებელია ზედატანი მუქი, ქვედა კი ღია ფერისა იყოს.
- წელიდან დაშვებული ქვედაბოლოები მუხლთან უნდა ფართოვდებოდეს, ზომიერი ტრაპეცია ამისთვის საუკეთესოა.
- მოერიდეთ მძიმე, უხეშ ქსოვილებს, ზედატანები უმჯობესია წელს ქვემოთ სიგრძით გამოიყენოთ.
- ქვედაბოლოებისთვის სასურველია მოცულობითი პრინტები, ნახატები, გეომეტრიული ფიგურები.
A–ს ტიპის ქალებს ვიწრო მხრები, პატარა მკერდი, ფართო და მძიმე თეძოები და შედარებით სქელი ფეხები აქვთ. ასეთ ქალბატონებს პრობლემა აქვთ სამოსის ზომებში შერჩევისას. როგორც წესი, ზედატანები ორ-სამჯერ ნაკლები ზომის სჭირდებათ, ვიდრე ქვედაბოლოები და შარვლები. ძალიან უჭირთ მთლიანი კაბების მოხდენაც. მათ უპირატესობა ისეთ სამოსს უნდა მიანიჭონ, რომელიც აფართოებს მხრებსა და ზრდის მკერდის მოცულობას.
- ღრმად ამოჭრილი ზედატანები და მთლიანი კაბები.
- ჯემპრები და ზედატანები დიაგონალური და გადამკვეთი ხაზებით, რაც ზრდის მოცულობას.
- ვიწრო მოკლე ან მიდი-ქვედაბოლო, შედარებით თავისუფალი ფორმის ზედატანთან.
- ქვედაბოლოები ზედატანთან განსხვავებით აუცილებლად რამდენიმე ტონით მუქი ფერის უნდა იყოს.
- მთლიანი კაბები შემაღლებული წელით, ასევე, მკერდთან ერთი ან რამდენიმე "რუშით".
- ზედატანები ღია ფერში და ფართო სახელოებით.
- ლამაზი შარფები და მასიური გულსაბნევები.
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მყარ ქუსლზე.
O–ს ტიპის აღნაგობის ქალბატონები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, მათი წელისა და მკერდის ზომა თითქმის თანაბარია, შესამჩნევად აქვთ მუცელიც. მათთვის რეკომენდებულია:
- მთლიანი კაბები წელში კომბინირებული ჩანართებით ( მუქი გვერდები, ღია ფერის შუა ნაწილი).
- ტუნიკები და ჟილეტები, ზედატანები და ჟაკეტები ვიწრო, სწორი სახელოებით.
- მუხლამდე სიგრძის თავისუფალი თარგის ქვედაბოლო.
- მაღალწელიანი შარვლები მოკლე სიგრძით და კოჭთან შევიწროებული.
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
H–ტიპის ფიგურაც არ არის იდეალური. ამ ტიპის ქალების მხრები, წელი და თეძო თითქმის ერთი მოცულობისაა და მოზრდილი მამაკაცის სილუეტს წააგავს.
- მათ უხდებათ უხეში ქსოვილები და ნაკლებად გამოკვეთილი პრინტები.
- ზედატანებზე ოვალური ან მართხკუთხედის ჭრილები ზურგის მხარეს.
- მოკლესახელოებიანი ან საერთოდ უსახელო მაისურები.
- ასიმეტრიული ზედატანები, წინ გრძელი და უკან მოკლე ჯემპრები და მოსაცმელები, აგრეთვე, ასიმეტრიული მკლავები.
- სხვადასხვაგვარი თარგით და ფერების კომბინაციებით შესაძლებელია აქცენტირება და წელის შევიწროება, ღია ფერი და რბილი ფაქტურა ზრდის მოცულობას, უხეში და მუქი ავიწროებს.
- მთლიანი კაბები მინი სიგრძით და შემაღლებული წელით შეარჩიეთ.
X-ტიპი იდეალურია ქალისთვის. 90–60–90-ც ხომ ამ ტიპის პროპორციებს გამოსახავს. მხრები და თეძო თანაბარია, წელი კი საგრძნობლად ვიწრო. ასეთი ტიპის ქალს არაფერი აქვს დასამალი, თუმცა საჭიროებს ისეთ სამოსს, რაც წინა პლანზე წამოწევს მისი სხეულის ყველა ღირსებას.
- სწორი და ვიწრო ფერადი და ინდიგოსფერი ჯინსის შარვლები.
- მაღალწელიანი ქვედაბოლოები წვრილი ქამრით.
- ტრაპეცია ქვედაბოლოები.
- წინა მხარეს ორმაგად გადადებული თარგის მთლიანი და ვიწრო გამოყვანილი კაბები.
- მათ, როგორც ვიწრო, ასევე ფართო ქამრებიც ძალიან უხდებათ.
- კლასიკური ზედატანები და საქმიანი კოსტიუმები.