ზამთარში ქალბატონებისთვის სახის კანის მოვლა დიდი გამოწვევაა, რადგან ვიტამინების ნაკლებობა, წვიმიანი ამინდი და სუსხი კანს აშრობს და უსიცოცხლო იერს სძენს მას, თუმცა ზამთრის რუტინაში თუ ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ სახის ნიღბებს დავამატებთ, შევძლებთ, რომ ჩვენი უსიცოცხლო კანი ზამთარშიც ფანტასტიკურად გამოიყურებოდეს.
ნახეთ 3 მარტივი სახის ნიღბის რეცეპტი ზამთრის ცივი დღეებისთვის
ავოკადოს სახის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- ნახევარი ავოკადო
- 1 სუფრის კოვზი რძე
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი
შეურიეთ ნახევარ ავოკადოს ბანანი, რძე და თაფლი. კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთი მთლიანი საშუალო სისქის მასა მიიღოთ. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-დან 20 წუთამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ.
ავოკადო მდიდარია E ვიტამინით, რაც სილამაზის სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ვიტამინად ითვლება, ასევე, ავოკადო ანტიოქსიდანტია და გამომშრალი კანისთვის იდეალური აღმდგენია. მთლიანობაში ნიღაბი მდიდარია ვიტამინებით, რაც ზამთარში კანის ბზინვარებისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელი წამალია.
ბანანის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ბანანი
- 1 სუფრის კოვზი რძე
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
შეურიეთ ეს სამი ინგრედიენტი ერთმანეთს. თქვენ კრემისებური მასა უნდა მიიღოთ. თუ მასა თხელი იქნება, დაუმატეთ თაფლი. შეგიძლიათ ეს ინგრედიენტები ბლენდერშიც ათქვიფოთ. დაიტანეთ კრემისებური მასა 15-20 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ამ სახის ნიღაბს დერმატოლოგები თავიანთ პაციენტებს ხშირად ასწავლიან, რადგან ბანანი იდეალურია არა მარტო ჯანმრთელობისთვის არამედ სახის კანისთვის და თმისთვის. ეს პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და კანის დატენიანებისა და დარბილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ბანანი შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი წერტილების მოსაშორებლად, ნაოჭებისა და აკნეს შესამცირებლადაც.
იოგურტის სახის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი იოგურტი
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 ჩაის კოვზი თაფლი
შეურიეთ იოგურტს ზეითუნის ზეთი, თაფლი და დაამზადეთ ნიღაბი. დაიტანეთ ეს მიღებული მასა სახესა და ყელზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ.
იოგურტი რძემჟავას შეიცავს, რაც კანის სიჯანსაღისთვის საუკეთესო პრეპარატია. იოგურტს შეუძლია შეამციროს ნაოჭები, მოაშოროს მკვდარი უჯრედები სახიდან და დაატენიანოს კანი, რაც ზამთარში უმთავრესია. ხოლო ზეითუნის ზეთი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ნიღაბს შევურიეთ, შეიცავს A, D, E, K ვიტამინებს. ზამთარში ეს ნიღაბი ყველა ქალბატონმა უნდა სცადოს.
წყარო: womencommunityonline.com