ძალიან ხშირად, საღამო დადგება თუ არა, ქალები ჩივიან: ”ოჰ, იმდენი ვიარე, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ!” ჰგონიათ, რომ ბევრმა სიარულმა დაღალათ და არ იციან დისკომფორტის ნამდვილი მიზეზი - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
წვრილი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მოყვარულ ქალებს ელით ბრტყელტერფიანობა და დიდ თითებთან უსიამოვნო, არაესთეტიკური, უხეში წანაზარდი.
დროთა განმავლობაში არც მუხლებს დაადგებათ კარგი დღე. ტერფის არამდგრადობის გამო, ეს სახსარი დიდ დატვირთვას ვერ იტანს და შეიძლება განვითარდეს მუხლის სახსრის ართროზი.
თუკი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს წლების განმავლობაში ვერ ელევით, მაშინ ხერხემალთაშორისო დისკის თიაქარი გარანტირებული გაქვთ.
მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ? საერთოდ უარი ვთქვათ მაღალ და წვრილქუსლიან ფეხსაცმელზე?
რა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, ასეთი ფეხსაცმლის ტარების შედეგად ტერფის დეფორმაცია ხდება და უქუსლო ფეხსაცმელზე გადასვლა ფეხის ტკივილის საწინდარი იქნება. ამას გარდა, უძირო ფეხსაცმლის ყოველდღიურად ტარებაც არასასურველია.
1. თქვენ ყოველდღიურ სატარებელ ფეხსაცმელს 3-4 სმ ქუსლი უნდა ჰქონდეს.
2. დასასვენებლად განკუთვნილი ფეხსაცმელი უნდა იყოს უძირო, მაგრამ აუცილებლად რბილლანჩიანი.
3. წვრილი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დღეში მხოლოდ 2-3 საათი უნდა ატაროთ.
ჟურნალი ”ბომონდი”