სახის კანი ყოველდღიურად ექვემდებარება სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებას: ქარი, მზის სხივები, წვიმა, სიცივე.... მის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეს გარე ფაქტორები, არამედ შინაგანი მდგომარეობაც, მაგალითად, ჰორმონალური ბალანსი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ასეთ დროს სწორი მოვლა შეუნარჩუნებს თქვენს კანს ჯანსაღ, დაჭიმულ და გაბრწყინებულ იერს უფრო ხანგრძლივად.
თქვენი კანის მოვლა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში. თუ ახალგაზრდობაში ბევრ ქალს აკნესა და ზედმეტი ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლა უწევს, ზრდასრულ ასაკში უფრო მნიშვნელოვანი ხდება კანის ტონის შენარჩუნება, ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენის პრევენცია. უბრალოდ დატენიანება და გაწმენდა თანდათან არასაკმარისი ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ რეგულარული აქერცვლა – პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს კანის განახლებას, აძლევს მას ბზინვარებას და ჯანსაღ ფერს. გარდა ამისა, საჭიროა, გამოიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი კანის კვებასა და დატენიანებას.
კოლაგენის ცილა პასუხისმგებელია კანის ტონზე, რომელიც ქმნის კანის ერთგვარ ჩონჩხს. თუ ახალგაზრდობაში ის საკმარისად გამომუშავდება და კანი არის ელასტიკური და დაჭიმული, ასაკთან ერთად, კოლაგენი სულ უფრო და უფრო ნაკლებად სინთეზირდება. მისი გამომუშავება ნელდება 25 წლიდან და ზოგიერთმა ფაქტორმა, როგორიცაა მოწევა ან ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედება, შეიძლება კიდევ უფრო შეაფერხოს ეს პროცესი. სხეულს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება - 30 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, არამედ სწორი კვებაც.
კანის მოვლის 5 წესი 30 წლის შემდეგ
გამოიყენეთ დაბერების საწინააღმდეგო კრემი
იმისდა მიუხედავად, რომ პენსიამდე ჯერ კიდევ შორია, ღირს დაბერების საწინააღმდეგო კრემის შეძენა და მისი გამოყენება 20 წლის შემდეგაც. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სხვა სასარგებლო ინგრედიენტებს, რომლებიც ებრძვიან დაბერების ადრეულ ნიშნებს, რაც საშუალებას აძლევს თქვენს კანს დიდხანს დარჩეს ახალგაზრდული, შეინარჩუნოს ტონუსი და ბზინვარება.
არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი საშუალება
მზისგან დამცავი საშუალება არ არის აუცილებელი მხოლოდ სანაპიროზე. SPF ფილტრის შემცველი კრემი შეუცვლელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სეზონის მიუხედავად. ასეთი კრემის გამოყენება ხელს შეუწყობს ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენის თავიდან აცილებას და, გარდა ამისა, ის გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი მელანომის პროფილაქტიკაში.
იზრუნეთ კანზე შიგნიდან
სპეციალური ვიტამინისა და მინერალური კომპლექსების მიღება ხელს შეუწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას უფრო დიდხანს. ის შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და მცენარეულ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას, რომლებიც მიზნად ისახავს კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას. კომპლექსში შემავალი კოლაგენის პეპტიდები ხელს უწყობენ ნაოჭების სიღრმის შემცირებას და კანის ელასტიკურობის გაზრდას. ისინი ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, ურთიერთქმედებენ ფიბრობლასტებთან კანის ღრმა შრეებში და ამით ასტიმულირებენ ჰიალურონის მჟავისა და ორგანიზმის ენდროგენური (საკუთარი) კოლაგენის გამომუშავებას. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ვიტამინების კომპლექსი და მიიღეთ ის ექიმის დანიშნულებისამებრ.
სწორი კვება
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი დიეტა უნდა შეიცავდეს ნახშირწყლებს, ცილებს და ცხიმებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვის. ცხიმის ნაკლებობა კანს ნაკლებად მკვრივს და ელასტიკურს გახდის და ნაოჭების გაჩენას გამოიწვევს.
სრულყოფილი ძილი
იმისდა მიუხედავად, რომ ძილში ვხარჯავთ ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედს, ნუ იდარდებთ, რადგან სრულყოფილი ძილი თქვენი ჯანმრთელობის გარანტია. ძილის საშუალო დრო უნდა იყოს, დაახლოებით, 7 საათი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალიან ხანმოკლე, ისევე, როგორც ძალიან გრძელი ძილი ახდენს ცუდ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე და, რა თქმა უნდა, კანის მდგომარეობაზე.
ძილის ნაკლებობა მყისიერად შესამჩნევია - მუქი წრეები თვალების ქვეშ, მოშვებული კანი, ნაოჭები, არაჯანსაღი სახის ფერი. შაბათ-კვირას მთელი კვირის განმავლობაში დაკლებული ძილის ანაზღაურება ვერ დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაში - ეს მეცნიერულად დადასტურებულია. ამიტომ ღირს თქვენი რეჟიმის მოწესრიგება და მკაცრად დაგეგმილ დროს დასაძინებლად წასვლა.
რა თქმა უნდა, კანის მდგომარეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გენეტიკურზეც, მაგრამ ჩვენი ვალია, შევეცადოთ, უზრუნველვყოთ კანი საჭირო მოვლითა და ყურადღებით, რათა ის დიდხანს დარჩეს ჯანსაღი, ელასტიკური, ლამაზი და კაშკაშა.