როგორც ჩანს, კანის მოვლის ინდუსტრიაში ბოლო დროს ყველაფერი გაყინვისკენ მიდის: გამოყენებამდე გაციებული ნიღბებისა და კრემების ტენდენცია, მინი-მაცივრების გამოჩენა, რომლებმაც დაიპყრო TikTok და Instagram-ბლოგერების გვერდები. ისინი აზიარებენ ვიდეოებს, სადაც სახეს ყოფენ ყინულის კუბებით სავსე თასში. რისთვის? სინამდვილეში, სილამაზის ამ ტექნიკას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: ხელს უწყობს ფორების შევიწროებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ასევე, უმოკლეს დროში არბილებს და ატონიზირებს სახის კანს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ყინული ბებიის ხრიკია თუ კრიოთერაპიის შთაგონებული პრაქტიკა, შედეგი ნათელია: წუთებში გაბრწყინებული კანი მინიმალურ ფასად. სწორედ ამიტომაც, ამ ტექნიკამ დაიპყრო სოციალური ქსელები.
ყინულის გამოყენება სულაც არ არის ახალი ტენდენცია, მაგრამ მილენიალებში ამ პრაქტიკის ბოლოდროინდელმა გატაცებამ ის კვლავ პოპულარული გახადა. ჯერ კიდევ 2017 წელს სუპერმოდელმა კარლი კლოსმა აჩვენა, რომ ვიქტორია სეკრეტის მოდის ჩვენების წინ, დილით სახე ყინულიანი წყლით გაიგრილა, რათა მეტად გაეჯანსაღებინა. არც ისე დიდი ხნის წინ ბელა ჰადიდმა გამოაქვეყნა გადაღებების კულუარული ვიდეო, რომელშიც ის ასევე იყენებს ამ მეთოდს.
„აისინგის“ კიდევ ერთი გულშემატკივარი ირინა შეიკია. იტალიური Vogue-ის ვიდეოში მან აჩვენა, თუ რისგან შედგება მისი ყოველდღიური სილამაზის რუტინა. მისი პირველი ნაბიჯი კანის მოვლის საქმეში არის სახის მასაჟი ყინულის კუბით. ამისთვის მოდელი იყენებს Nicole Caroline-ის ხელსაწყოს - სპეციალურ ფორმას, რომელშიც ასხამენ წყალს და შემდეგ იყინება.