ალბათ, უკვე ემზადებით ზაფხულისთვის, იმ დროისთვის, როცა სხეული ზედმიწევნით მოვლილი უნდა იყოს. ზედმეტი თმა კი ქალების უმეტესობისთვის პრობლემაა და იმისათვის, რომ ჭარბთმიანობისგან გავთავისუფლდეთ, სხვადასხვა ხერხს მივმართავთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად შემდეგი კითხვები გვიჩნდება:
უსაფრთხოა?
დიახ, ეს უსაფრთხო მეთოდია იქამდე, სანამ პროფესიონალური, ლიცენზირებული კლინიკის ან სალონის მომსახურებით სარგებლობთ. პროცედურის დროს ლაზერის სხივი არ აღიზიანებს კანს და აზიანებს მხოლოდ თმის ფოლიკულს, რაც შემდგომში თმის გაზრდას აფერხებს. იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, საჭიროა საშუალოდ 3-5 სესიის ჩატარება ყოველ 4-6 თვეში.
მტკივნეულია?
ეს ოდნავ მტკივნეული პროცესია, მაგრამ პლუსი იმაშია, რომ დისკომფორტი მაშინვე ქრება. ზოგიერთი სალონი გასაუტკივარებელ კრემებსაც გთავაზობთ, მაგრამ აქ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, ხომ შეიძლება, რომ ალერგიული იყოთ კრემში შემავალი კომპონენტების მიმართ?! პროცედურის წინ კანზე ყინულის წასმა ნებისმიერ ტკივილს მინიმუმამდე დაიყვანს.
იჩენს თუ არა თავს რაიმე სახის გართულება ლაზერული ეპილაციის შემდეგ?
პროცედურის შემდეგ კანზე შეიძლება გაჩნდეს სიწითლეები და გაგყვეთ ერთი-ორი დღით. ეს ნორმალურია.
ვისთვის შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
ადრე ითვლებოდა, რომ ლაზერული ეპილაციის გაკეთებისთვის იდეალური კანდიდატურაა ღია ფერის კანისა და მუქი თმის მქონე ადამიანი, მაგრამ დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ლაზერით მოიშორონ თმა მუქი კანის მქონე ადამიანებმაც და ქერათმიანებმაც. თუმცა ყველა სალონს არ აქვს მსგავსი ტექნიკა.
შეუძლია თუ არა ლაზერს, სამუდამოდ მოგვაშოროს ყველანაირი თმა?
ლაზერით მოშორებული თმის ადგილას ახალი არ ამოვა, მაგრამ შესაძლებელია, რომ სხვა ადგილას გაიზარდოს თმა. და თუ თმა იმ ადგილას მაინც გაიზარდა, სადაც ლაზერი გაიკეთეთ, ამოვა ბევრად რბილი, თხელი და იშვიათი. ტერმინი "თმის სამუდამოდ მოშორება" მიესადაგება ტექნოლოგიას, სახელწოდებით ელექტროლიზი.
რამდენად ძვირია ლაზერით თმის მოცილება?
ლაზერი ბევრად ძვირია, ვიდრე პარსვა ან ცვილით თმის მოცილება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროცედურას შევადარებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ლაზერი მომგებიანიც კი არის.