შემოდგომაზე, სწორი კვების გარდა, სახის კანისთვის, მისი კვებისა და გაცოცხლებისთვის შესანიშნავია წვენების მიღება.
(ხილი, ბოსტნეული 1/2 ჭიქა მაინც) განსაკუთრებით სასარგებლოა კენკროვანი ხილის წვენი, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მიკროელემენტით და ვიტამინით. ასევე - ასკილის ნაყენი, რომელშიც უხვადაა C ვიტამინი, გვირილის ჩაი და სხვ.
როგორც ცნობილია, სახის დაბანვა ყოველდღიურად არის საჭირო. განსაკუთრებით, ეს ეხებათ ქალაქში მცხოვრებ ქალბატონებს, რადგან ქალაქის ჰაერი ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე სოფლად ან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. დაბინძურებული ჰაერი უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე. ამიტომაც მისი ყოველდღიური მოვლა და გასუფთავებაა საჭირო.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, რაც ბევრად კარგია, ვიდრე მზა საშუალებები.
სახე შეიძლება მაწვნით, კეფირით ან ნაღებით დაიბანოთ. მარცხენა ხელში დაიჭირეთ მაწვნიანი ჭურჭელი, მარჯვენაში კი სახის ღრუბელი ან ბამბა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასხით ღრუბელზე მაწონი, სქლად წაისვით სახეზე და თან თბილი წყლით იბანეთ, სანამ მაწონი არ გათავდება.
თუ მშრალი კანი გაქვთ, პროცედურის შემდეგ წაისვით მკვებავი. რაც უფრო ცხიმიანია კანი, მაწონი და კეფირიც შეიძლება უფრო მჟავე იყოს. ეს პროცედურა წმენდს, ატენიანებს და კვებავს კანს; ასევე, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაუფერულებას.
ეს მასა განსაკუთრებით კარგია მაკიაჟის ჩამოსაბანად. ის წმენდს სახის კანს, აცილებს შავ წერტილებს, კრავს ფორებს და სიმკვრივის იერს აძლევს.
დაფქვით შვრიის ბურღული; აიღეთ 1 ჭიქა შვრიის ფქვილი, დაუმატეთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა ან ბორის მჟავა და კარგად აურიეთ. სახის დასაბანად აქედან ამოიღეთ 2 ს/კ და დაუმატეთ 1 ს/კ მაწონი. აურიეთ და სახეზე სქლად წაისვით. შემდეგ წრიული მოძრაობით სახეზე ისვით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ (ღრუბლით ან ბამბით), ეს მასა ხელმეორედ წაისვით და იგივე მოძრაობით კანი გაიწმინდეთ. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კარგია, თუ შემდეგ ცივ წყალს შეისხამთ (შეგიძლიათ ცოტა მარილიანი). დარჩენილი მასა მინის ჭურჭლით მაცივარში შეინახეთ.
1 ს/კ სიმინდის ფქვილს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე, სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ წყალში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ჩააწვეთებთ.
თამარ გეგეჭკორი
ჟურნალი ”და ქალი”