ბრიტანელი მეცნიერების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კოსმეტიკა უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე.
მათი გამოთვლებით, მარტო ერთი წლის განმავლობაში (რა თქმა უნდა, აქ ყველა ქალი არ არის ნაგულისხმევი, ლაპარაკია ქალებზე, რომლებიც კოსმეტიკას ყოველდღიურად და ზოგჯერ ჭარბი დოზითაც იყენებენ), ქალის ორგანიზმში 2 კილოგრამზე მეტი კოსმეტიკა გროვდება.
ამაში შედის - კრემები, სკრაბები, ლოსიონები, თვალის შუქჩრდილები, პომადები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები. ისინი ყოველდღიურად შეიწოვება კანში და დროთა განმავლობაში მას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ზოგიერთი ქალი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოხდენილად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, ყოველდღიურად 20-ზე მეტი სახეობის კოსმეტიკურ საშუალებას მოიხმარს, რაც შესაძლოა შეიცავდეს კანში ინფექციის შეყვანის და მისი გაღიზიანების სერიოზულ საფრთხეს, მით უმეტეს, რომ ქალების უმრავლესობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს მათი ვარგისიანობის ვადას.
მეცნიერები მთავარ საფრთხედ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ ხელოვნურ კომპონენტსაც მიიჩნევენ, რომლებმაც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთი დაავადებაც კი გამოიწვიონ.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზიანი მოაქვს ძილის წინ სახის დაბანის გარეშე დაწოლასაც. ამ დროს დილით ან შუადღით გაკეთებული მაკიაჟი ახშობს კანში არსებულ ფორებს, ეს კი ხელს უშლის კანის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას და არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას.
ამან კი, შესაძლოა, სახეზე სხვადასხვაგვარი გამონაყარი ან შეშუპება გამოიწვიოს. ამიტომ მეცნიერები ქალებს ძილის წინ სახის ჩამობანას ურჩევენ, სიმშრალის შეგრძნებისას კი მხოლოდ ღამის მკვებავის წასმას, რომლის ზედა ფენა დაწოლის წინ ხელსახოცით უნდა შეიმშრალონ.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)